სტუ-ის სტუდენტის, დიმიტრი კაზაროვის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის, ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო.
სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.
აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები – „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი – კეთილი გოლიათი“ – ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში – „ეროვნული პარკები“, შემდეგ ბმულზე.
როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.
„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი – დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო.
სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“,
– პროფესორი მალხაზ რაზმაძე.
ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლა.
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი გამორჩეული მკვლევრისა და ინჟინრის, გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მკვლევრის,...
სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს...
სტუ-ში საგრანტო განაცხადების მომზადებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
9 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის თანამშრომლებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის...
სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის...
განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...
ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო...
