აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა გაიმართა.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომას სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები, ასევე, სტუმრის სტატუსით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი ესწრებოდნენ.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და სპეციალურ ერთობლივ განცხადებას მიიღებს.
„კონფერენციის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები დღეს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონფერენციამ ჩათვალა საჭიროდ იმსჯელოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) წევრობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და მიიღოს სპეციალური განცხადება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, სტუდენტებს, აბიტურიენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და დავაფიქსიროთ რექტორთა პოზიცია. კონფერენციამ მოიწვია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, რომელიც გაგვიზიარებს EQAR-თან დაკავშირებულ ბოლო ინფორმაციას. ცნობილია, რომ რეგისტრაციის შეჩერება უკავშირდება ENQA-ს მიერ ცენტრის დამოუკიდებლობის თაობაზე სტანდარტთან შეუსაბამობის დადგენას, რამაც, ბუნებრივია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხს. ეს ეჭვქვეშ არ დგას. დღევანდელი სხდომის მიზანიც ეს არის, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია და გავავრცელოთ სპეციალური განცხადება, რომელსაც დღეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია შეიმუშავებს და რაც დღესვე გახდება საჯარო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილის, თქმით: „საქართველოში გაცემული დიპლომები, როგორც 2019 წლამდე იყო აღიარებული საერთაშორისო დონეზე, კვლავ იმგვარადვე იქნება აღიარებული მომავალშიც. გავრცელდა ინფორმაცია, ვითომდა EQAR-ის გადაწყვეტილება უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას – ეს არის არასწორი ინფორმაცია. ჩამოთვლილთაგან არც ერთი მათგანი არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერებას”.
რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრულმა წევრმა, განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამ მიზნით, კონფერენციამ იმსჯელა და შეიმუშავა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი განცხადება:
„საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები, ვეხმიანებით მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერებას.
გვსურს, კონფერენციის სახელით, გამოვხატოთ მხარდაჭერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რათა გაგრძელდეს ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, მათ შორის, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, განუხრელად ვაღიარებთ და ვიცავთ ბოლონიის პროცესის და უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის მიერ განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
ამ პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან უწევს კოორდინაციას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას (ინსტიტუციური შეფასება) და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას. ცენტრის საქმიანობა ხორციელდება გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის დაცვით.
ამასთან, ცენტრი უნივერსიტეტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ფართო ჩართულობის საფუძველზე წარმართავს საქმიანობას. სახელმწიფოს ხედვა ეფუძნება ხარისხის განვითარების ცენტრის და უფრო ფართოდ – საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობის გაძლიერების პრინციპს, რაც განაპირობებს ჩვენი საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინტერნაციონალიზაციისა და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის გაუმჯობესებას. ეს პროცესი კი ეროვნული ცენტრის ეფექტიანი მხარდაჭერით მიმდინარეობს. ცენტრი საქართველოში წარმოადგენს ორგანიზაციულ, ფინანსურ და ოპერაციულ დონეზე ავტორიტეტულ, მდგრად და დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის საქმიანობაც დადებითად აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, რომელიც წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) სრულ წევრს, მხარდაჭერას ვუცხადებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ცენტრის წარმატებული საქმიანობა, მისი გავლენა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, 2023 წელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები და საქმიანობის ის მიმართულებები, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული, მხედველობაში იქნება მიღებული ეროვნული ცენტრი მიერ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვისას.
გვჯერა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის დროული გაგრძელება და ENQA-ს წევრობის განახლება გახდება კიდევ უფრო ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის საწინდარი და ეროვნულ ცენტრთან ერთად, წარმატებით განვაგრძობთ ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხობრივ და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მუშაობას”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა მოაწერეს ხელი.
Related
Public Lecture at GTU – “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals”
Associate Professor Malkhaz Kvrivishvili delivered a public lecture titled “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals” for students and...
V. Chavchanidze Institute of Cybernetics announces a competition for scientific positions
The Scientific Council of the Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University announces an open competition for...
Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Power engineering to an open day
On May 21st, at 12:00, the Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Faculty of Power Engineering to...
Workshop on writing HORIZON EUROPE and ERASMUS+ projects held at GTU
On May 15, a workshop was held at the Georgian Technical University, organized by the Technology and Grant Projects Office,...
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...