საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს ემშვიდობება
73 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) ყოფილი სპიკერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულისტკივილით ემშვიდობება ძვირფას კოლეგას, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს და თანადგომას უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მის აღზრდილებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა რიგებს, ქართველ იურისტთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ღირსეული მამულიშვილი, ადამიანი, რომლის ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე განუზომელია.
დიდია ჯემალ გახოკიძის ღვაწლი კონფლიქტების მოგვარებისა და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საერთაშორისო გამოცდილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით.
ბატონი ჯემალის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ მიერ პროექტის – „საქართველოს აფხაზეთი და ჩინეთის ჰონკონგი (ძიებანი კონფლიქტის დარეგულირებისათვის) – ფარგლებში მომზადდა ნაშრომი: „ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 1997“, რომელმაც განსაკუთრებული და ღრმა წიაღსვლებით, უმალ მიიპყრო მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტთა ყურადღება. ქართულ რეალობაში ეს პირველი ფუნდამენტური ნაშრომია – მანამდე ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის მშვიდობიანი გზით მიერთების შესახებ საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა. მეტიც, ქართულ ენაზე არ თარგმნილა ის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებსაც აღნიშნული მიერთების აქტი დაეფუძნა.
ბატონ ჯემალ გახოკიძეს ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკუთარი ინოვაციური ხედვა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოსავალი წერტილი, უპირველეს ყოვლისა, ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის მშვიდობიანი, გულწრფელი დიალოგი და დაკარგული ნდობის დაბრუნებაა. ამ მიმართულებით ჯემალ გახოკიძემ, სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, არაერთი კვლევა ჩაატარა, რამაც მის ნაშრომებში ჰპოვა ასახვა.
პროფესორ ჯემალ გახოკიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 30 სამეცნიერო სტატიაში, ხუთ სახელმძღვანელოსა და ერთ დამხმარე სახელმძღვანელოში, 50-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 100-მდე საგაზეთო სტატიასა და 2 მონოგრაფიაში; არის კრიმინალისტიკის კურსის თანაავტორი.
პროფესორ ჯემალ გახოკიძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული იურისტები და სპეციალისტები არიან.
ჯემალ გახოკიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში კი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
2004-2005 წლებში, ჯემალ გახოკიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში – სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
1997 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემების – „თემიდა“, „ბიზნესინჟინერინგი“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალი – სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2010-დან 2024 წლის თებერვლამდე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხისა და ღირსების ორდენით, ასევე, სხვა სამთავრობო ჯილდოებით.
პროფესორი ჯემალ გახოკიძე სხვადასხვა სამიტისა და 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე იყო. გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუფციის და სამართალდაცვის სისტემის რეფორმების მიმართულებით: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში (ვაშინგტონი), უნგრეთში – გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ბუდაპეშტი), საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა (პარიზი) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (გარმიში).
სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...