სტუ-ის მეცნიერთა კვლევა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტის – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ – ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ქრისტინე მუსელიანი.
პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან მკვლევრები: ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კაციტაძე და დოქტორი თამარ თურმანიძე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციაა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, ედიშერ კვესიტაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებული კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც სიახლეა აგრარული სფეროში.

„გარდა იმისა, რომ კვლევა აგრარული სფეროსთვის სიახლეს წარმოადგენს, მას, ასევე, აქვს ზოგადი სახის დატვირთვა. კერძოდ: სხვადასხვა სახეობის მიკროორგანიზმების გამოყოფა და მათი სინერგიული კომბინაციის მიღება; საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენების ფერმენტაცია გამოყოფილი მიკროორგანიზმებით; პრებიოტიკებად ყურძნის და ქაცვის გამონაწნეხის მშრალი ექსტრაქტების, ასევე ქართული ფეტვის ფხვნილის გამოყენება; მათი ფუნქციური მახასიათებლების და პრებიოტიკული პოტენციალის შეფასება; პრე და პრობიოტიკული წყვილის სინერგიული ეფექტის დადგენა ვარიანტების მიხედვით; ყურძნის სინბიოტიკური სასმელების მიღება პრებიოტიკური კომპონენტების დამატებით; ყურძნის პრობიოტიკური წვენების მიღება ხილ-კენკრის წვენებთან კომპოზიციით; ფერმენტირებულ სასმელებში, საჭიროების მიხედვით, დამატკბობლად სტევიოზიდის გამოყენება და მიღებული სასმელების ფუნქციური, ორგანოლეპტიკური თვისებების შეფასება-ოპტიმიზაცია.
პროექტით გათვალისწინებულია სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალში, მონოგრაფიის გამოცემა, საპატენტო განაცხადის წარდგენა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა. კვლევის მიზანია შეფასდეს ყურძნის გამოყენების პოტენციალი ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების მისაღებად – შეიქმნას ჯანმრთელობისთვის რელევანტური სასმელები მისაღები ხარისხობრივი, პრობიოტიკების სიცოცხლისუნარიანობისა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ტექნოლოგიაში თავისუფალი შაქრის გამოყენების გარეშე. ექსპერიმენტში ჩართულია ყურძნის ქართული საღვინე ჯიშები – საფერავი და რქაწითელი“, – აცხადებს დეკანი.
საგრანტო პროექტის – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“, კოორდინატორის, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, ქრისტინე მუსელიანის თქმით, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას.
„ორივე მხარე განიხილება ერთ ასპექტში – ინოვაციური პროდუქტების, სასმელების მიღება და სასმელების ფიზიოლოგიური როლის განსაზღვრა. ყოველივე ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ამ მიმართულებით, ბიზნესსა და კვლევას შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას – მსგავსი ხასიათის პროდუქტებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და ბიზნესის დაინტერესების პერსპექტივაც მატულობს.
პროექტს, ასევე, საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO, 2003) რეკომენდაციები და ევროპული რეგლამენტის მოთხოვნები (EC 1924/2006), რომელთა თანახმად აუცილებელია შაქრის მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა და „მუშაობის ევროპული პროგრამა 2020-2025 – გაერთიანებული ძალისხმევა უკეთესი ჯანმრთელობისთვის ევროპაში.
პროექტის შედეგებს ექნება გრძელვადიანი პერსპექტივა – ფუნქციური: კერძოდ, მცენარეული სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების წარმოება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება და წარმოადგენს სიახლეს აგრარული სფეროსთვის. ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება, სიცოცხლის პერიოდის გახანგრძლივება ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა და უკავშირდება ბიოლოგიურად აუცილებელი ნივთიერებების გამოყენებას. საჭიროა მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით. ევროპის სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმით შემუშავებული პოლიტიკის მიზანია ჯანსაღი კვებითი გარემოს შექმნა, რისთვისაც რეკომენდებულია შემდეგი პოლიტიკური ინსტრუმენტები: შაქრის მოხმარების შემცირება, არაკალორიული დამატკბობლების – სტევია, არქატი, კატემფე, მონკის ხილი, სერენდიფიტის კენკრა და სხვა, გამოყენება, რეცეპტურების რეფორმულირება da ახალი, ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტების შექმნა“, – აცხადებს ქრისტინე მუსელიანი.
საგრანტო პროექტი – „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ სამწლიანია.
Related
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...
Georgian Technical University has published a collection of international conference theses in Georgian and Abkhazian languages
“For the first time, Georgian Technical University has created an opportunity to conduct scientific communication in Georgian and Abkhazian within...