სტუ-ის სტუდენტებისთვის ესპანური კომპანია CYPE-ის სპეციალისტები მასტერკლასებს გამართავენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანური კომპანია СYPE-ის ტექნიკურ დირექტორს, კარლოს ფერნანდესსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზაალ ცინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, კომპანია СYPE-ის საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ვისენტე კასტელი, ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი ბეკირ აბდერაჰმენი და გაყიდვების მენეჯერი საქართველოში დინა პევნევა.
ვიცე-რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა გლობალურ ექსპერიმენტსა თუ კვლევებში, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის CERN-ში – შვეიცარია, KEK-სა და JPARC-ში – იაპონია, FERMILAB-ში – ამერიკის შეერთებული შტატები.
ასევე, უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
მისი თქმით, უნივერსიტეტის რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოოპერაციით, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად ემზადება, ხოლო ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აღნიშნული საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა და წარმატებით ახორციელებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მომზადებას.
ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც ყოველწლიურად 23 000-მდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ეუფლება საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს, უმთავრესი გამოწვევაა კონკურენტუნარიანი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ.
თამარ წერეთლის თქმით, უნივერსიტეტი, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების მხრივ, ესპანურ კომპანიას პარტნიორად მიიჩნევს და სამომავლოდ, მასთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებსა და მომავალ სპეციალისტებს ამ მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.
მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება.
უნივერსიტეტის კანცლერმა ცნობილ ესპანურ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, ასევე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით.
კანცლერის განცხადებით, СYPE-ს წარმომადგენელთა მასტერკლასები, რომლებიც სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს, მრავალმხრივ წაადგება როგორც სამშენებლო, ასევე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს ურთიერთობებს ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის.
СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის, კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში დაფუძნებული კომპანია უკვე ფართოდ არის ცნობილი ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის კონტაქტებს ავითარებს აზიასა და აფრიკის მიმართულებით.
როგორც კარლოს ფერნანდესმა აღნიშნა, СYPE-ი სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის, ასევე, კომპანიის მიერ შემუშავებულია BIM პლატფორმა, რომელსაც რომელსაც ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ.
СYPE-ის ტექნიკური დირექტორის თქმით, მასტერკლასებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამას და მიიღონ კონსულტაციები, თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, ესპანური კომპანია СYPE-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცეს.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...