სტუ-ში, ნოდარ ტაბიძის კლუბის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტურმა კლუბმა, პროექტის – „ლექტორის საათი“ – ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, სპიკერის რანგში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლია მეტრეველი მიიწვია.
„ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართული მეოთხე შეხვედრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო.
პროფესორმა ლია მეტრეველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მარად თანამედროვე, ბუმბერაზი მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, განიხილა გახმაურებული ლიტერატურული მოვლენები, მათ შორის, აკაკი წერეთლის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველასთან. მისი თქმით, იმდროინდელ ქართველ მოღვაწეთა შორის ვაჟა-ფშაველას ტალანტით საჯარო აღტაცება არავის გამოუხატავს ისე, როგორც აკაკის და არც ვინმე გამოსულა მსგავსი მწვავე კრიტიკით მის წინააღმდეგ.
ლია მეტრეველმა, ასევე ისაუბრა ვაჟას გარდაცვალებისა და მთაწმინდის პანთეონში მისი გადასვენების შესახებ, ამას გარდა, თანამედროვეობის ჭრილში ვაჟას რამდენიმე გენიალური ნაწარმოები განიხილა.
სტუდენტების აქტიური ჩართულობით, საუბარი წარიმართა პოეტის უნიკალურ მსოფლგაგებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, პიროვნულ თუ სულიერ სრულქმნაზე, რაც ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში ყალიბდებოდა; ბუნების საიდუმლოებათა წვდომის ვაჟასეულ გასაოცარ უნარსა და მის პოეტურ სტილზე, რომელიც მკვეთრად გამორჩეულია მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; იმაზე, თუ როგორ გაარღვია ცივილიზებულ სამყაროსთან განშორებულმა ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები და როგორ გაამდიდრა ლექსიკა დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით; როგორ ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების ურთულეს პროცესებს, ეძიებდა როგორც პასუხს ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, ასევე მათგან განკურნების წყაროებს.
ლია მეტრეველმა „ლექტორის საათი“ ვაჟა-ფშაველას ლექსით – „ფშავლის სიყვარული“ – დაასრულა.
ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის წევრებმა, მრავალმხრივ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის, პროფესორ ლია მეტრეველს მადლობა გადაუხადეს.
„შეხვედრამ სტუდენტებზე დიდი გავლენა იქონია. ქალბატონ ლია მეტრეველს გამორჩეულად საინტერესო გადმოცემის უნარი აქვს და წარუშლელ ემოციას იწვევს მსმენელში. ის ჩემი პედაგოგიც გახლდათ და დღესაც ისევე გულდასმით ვისმენდი მის საუბარს, როგორც სალექციო კურსზე. თვალყურს ვადევნებდი დარბაზს და ჩვენი სტუდენტების აღტაცებულ სახეებს ვაწყდებოდი. ვიმედოვნებთ, ლია მეტრეველი მომავალშიც გააგრძელებს ნოდარ ტაბიძის კლუბთან თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არჩილ გურგენიძე.
შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...