სტუ-ის ყველაზე მაღალრეიტინგულმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და სტიპენდიები მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა, ხოლო 2023 წელს სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულმა უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე პირველკურსელმა ფონდის პრემია მოიპოვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მეოთხეკურსელი ვახტანგ ჩხეტია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – მესამეკურსელი უჩა მჭედლიშვილი და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – მეორეკურსელი ნინო ყავლაშვილი. სამივე სტუდენტს, შემოდგომის სემესტრში, საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით ჩაურიცხავს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულმა პირველკურსელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია მოიპოვა. მას ფონდმა ერთჯერადი პრემია 1500 ლარის ოდენობით გადასცა.
საქართველოს მასშტაბით, 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეულ, უმაღლესი რეიტინგის მქონე 19 ბაკალავრსა და აღნიშნულ უნივერსიტეტებში წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ 6 პირველკურსელს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი შეხვდნენ, ჯილდოები გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სტიპენდიანტებს, პრემიის მფლობელებსა და შეკრებილ საზოგადოებას სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე, ასევე, და 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძოიებებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.
„ფონდის პრემიის მოპოვება და იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს მასშტაბით 25 საუკეთესო სტუდენტს შორის ერთ-ერთი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია. სასიამოვნო განცდაა, როცა ხვდები, რომ შრომა და სწავლა ფასდება. ეს მაძლევს მოტივაციას უფრო მეტი და მეტი ვისწავლო, ვიშრომო, განვვითარდე და გავხდე კარგი პროფესიონალი. არ დავმალავ, აქედანვე დავისახე მიზნად, რომ სამომავლოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში, აუცილებლად გავხდე თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიანტი“, – ამბობს სტუ-ის სტუდენტი ალექსანდრე ტაბატაძე.
სტუდენტთა დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ედიშერ კვესიტაძე და არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.
„პირველ რიგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სტიპენდიების გადაცემა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ სპეციალისტებს ამზადებს, ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს, ჩვენი ფაკულტეტისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, ის ფაქტი, რომ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, შესანიშნავი და იმედისმომცემი ახალგაზრდა ფონდის სტიპენდიანტი გახდა და ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტმა, რომელიც ფონდის პრემიის მფლობელი გახდა, არქიტექტურის ფაკულტეტის აირჩია და ჩვენთან აგრძელებს სწავლას. დარწმუნებული ვართ, ჩვენი სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიანტებიც გახდებიან. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია“, – აღნიშნავს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...