სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. სამივე სტუდენტს მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ვახტანგ ჩხეტია; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – სასურსათო ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შოთა იველაშვილი.
საქართველოში აკრედიტებული 6 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შერჩეულ 19 სტიპენდიანტ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ შეხვდნენ, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა საგაზაფხულო (მეორე) სემესტრის მანძილზე, ფონდისგან, ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს.
სტიპენდიანტებთან ერთად, შეხვედრას ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო იმნაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.
შეხვედრაზე სტიპენდიანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას ფონდის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.
შეხვედრის დასასრულს სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა მიწვეულ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიანტობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს – მათი შრომის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის – და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს – მხარდაჭერისა და ფუნდამენტური განათლების მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუ-ის სტუდენტების თქმით, სასიხარულოა, როცა მათი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც სტიპენდიით აჯილდოებს, რაც არა მხოლოდ ახალგაზრდების მოტივაციას, არამედ მათ პასუხისმგებლობასაც ზრდის.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა და სტიპენდიანტებს წარმატებები უსურვა.
„სტიპენდიის მოპოვება არა მხოლოდ სტუდენტების გამარჯვებაა, არამედ დიდი სტიმულის მიმცემია ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ, კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, ვახტანგ ჩხეტია და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი უკვე მეორედ გახდნენ თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიის მფლობელები. ჩვენი უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა იველაშვილმა კი, პირველად მოიპოვა ფონდის სტიპენდია. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული ახალგაზრდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის ხელმძღვანელობას და ამ მნიშვნელოვან წარმატებებას ვულოცავთ ყველა ახალგაზრდას, რომელმაც სტიპენდია მოიპოვა“, – აღნიშნა ნინო ნიშნიანიძემ.
დაარსებიდან სამი წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 105 სტიპენდიანტი და 27 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 21 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...