სტუ-ის სტუდენტებს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა.
ანაკლიის ბანაკს, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს, პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტი ეწვია.
ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა პირველი ნაკადის სტუდენტებს ბანაკში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებზე ესაუბრა და სასიამოვნო დასვენება უსურვა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, პროგრამის მიზანი ახალგაზრდების აქტიური დასვენების, სოციალური ინტეგრაციის და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის პარალელურად, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პატრიოტული ღირებულებების წახალისებაა.
ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვატო ბააკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთული დასვენება უსურვა და მათ ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდულ ბანაკებისთვის შემუშავებულია მრავალფეროვანი აქტივობები იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შეძლონ დასვენება, გართობა და თვალსაწიერის გაფართოება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ანაკლიის ბანაკში 5 დღის მანძილზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორც საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ასევე, სპორტული და კულტურული მიმართულებით.
სასიხარულოა, რომ ბანაკი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა აღჭურვილი – არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. მადლობას ვუხდით სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარს იმ შესაძლებლობის შექმნისთვის, რაც ჩვენი ახალგაზრდების დასვენებას, მათ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთულ დასვენებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
ანაკლიის ბანაკის 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ აქტივობებში, ასევე, თემატურ ტრენინგებში, მათ შორის: ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობის, ნარკოდამოკიდებულების საფრთხეების, ასევე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენის შესახებ; Guest Speaker-ის ფარგლებში კი, ახალგაზრდები ცნობილ პოლიტიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს შეხვდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტისგან შემდგარი პირველი ნაკადი ანაკლიის ბანაკიდან დღეს გამოემგზავრა.
წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს მიიღებს და ჯამში 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...