სტუ-ში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“, ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს, დამსწრე საზოგადოებას, ნანა ხაზარაძის ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნების იდეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წელს, ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 89 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე გაჟღერდა. ამავე წელს, მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. დავით გურგენიძემ ვრცლად ისაუბრა ნანა ხაზარაძის სამეცნიერო ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 90-იან წლებში, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და სულისკვეთების გაღვივების პირველ ეტაპზე, ტექნიკური უნივერსიტეტში შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისტორიის კათედრა, რითაც დაიწყო უმაღლესი საინჟინრო სკოლის ცხოვრების ახალი ეტაპი.
„აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე წლების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სწორედ მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა. კათედრა ორი სპეციალობის მაგისტრებსა და ბაკალავრებს ამზადებდა – სიძველეთა ტექნიკურ ექსპერტებს (ხელოვნებათმცოდნეებს) და კონფლიქტოლოგებს. 2015 წლიდან ნანა ხაზარაძე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს, სადაც მომავალ არქეოლოგებს სამივე საფეხურზე დღესაც ამზადებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას, იმისთვის, რომ მან პირნათლად მოიხადა ვალი და აღზარდა შესანიშნავი თაობები. შემთხვევითი არაა დღევანდელი კონფერენციის თემა. დიახ, გზა ძველი ცივილიზაციიდან თანამედროვეობამდე – ეს არის ნანა ხაზარაძის მოღვაწეობის ძირითადი ასპექტი. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ; ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა თამარ დრაგაძემ; კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ლეჟავამ; უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნიკო ჯავახიშვილმა და ალექსანდრე დაუშვილმა. ასევე, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერმა, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ, სხვა მოწვეულმა სტუმრებმა და სტუ-ის მკვლევრებმა. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დიდი მეცნიერის ღვაწლის დაფასებისთვის.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ სამ სექციად ჩატარდა, სადაც განსახილველად წარმოდგენილი იყო 60-მდე ნაშრომი. ღონისძიების დასასრულს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გაბრუაშვილმა სტუ-ის არქეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარ ქალებს: ლია მელიქიშვილს, ნანა ბახსოლიანს, დარეჯან ცუცქირიძეს და თამარ ხოხობაშვილს სამეცნიერო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლიერების სიგელები გადასცა.
ინფორმაციისთვის: აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს. 2012 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) იქნა არჩეული. ეკუთვნის 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...