სტუ-ში CERN/IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN, შვეიცარია) საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაწყებითი კურსების სტუდენტები, ასევე, თბილისის სხვადასხვა სკოლის 30-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდნენ.
საქართველოში მასტერკლასი, CERN/IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციასთან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიება STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასები, პარალელურ რეჟიმში, ევროპის კიდევ ორ უმაღლეს სკოლაში – კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტსა (AGH UST, პოლონეთი) და მადრიდის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში (UAM/CSIC, ესპანეთი) ჩატარდა.
CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
„CERN-ის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ და თავიანთი მომავალი საქმიანობა მეცნიერებას დაუკავშირონ. დღეს ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, გაიფართოოთ თვალსაწიერი და მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას მოახმაროთ. თქვენი წინსვლა მეცნიერებაში ახალ სიტყვას და ახალ მიღწევებს ნიშნავს. ნებისმიერი მკვლევარი რთულ გზას გადის, მაგრამ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც CERN-ის IPPOG კოლაბორაციის წევრია, უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასების ორგანიზებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს STEAM დისციპლინებით, რათა მომავალი თაობა დაარწმუნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს საყრდენი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკაა“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის და IPPOG კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ასევე, წაუკითხა ლექცია თემაზე: „დეტექტორის ტექნოლოგიები“; CERN-ის პროფესორი ჰანს-პიტერ ბექი (შვეიცარია) სტუდენტებსა და მოსწავლეებს მაღალი ენერგიის ფიზიკასა და დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე ექსპერიმენტებზე, ხოლო სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დოქტორი, ნიკო ცუცქირიძე – Tracer აპლიკაციის ტექნიკურ მახასიათებლებსა და სპეციფიკაციებზე ესაუბრა.
მოზარდებთან მასტერკლასის პრაქტიკული სესიები და ვებინარი სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრებმა – მარიამ ნოზაძემ, სალომე ვაშაკიძემ, ალექსანდრე ალიხანოვმა და ვლადიმერ დოლინსკიმ ჩაატარეს.
როგორც სტუ-ის პროფესორმა, ალექსანდრე შარმაზანაშვილმა აღნიშნა, CERN/IPPOG-ის შემეცნებითი მასტერკლასების მიზანი მოზარდების სამეცნიერო თვალსაწიერის გაფართოება, პროგრესის შემეცნება და კრეატიულობის განვითარებაა, ამავდროულად, მათი ერუდიციის ამაღლება ისეთ ასაკში, როცა ისინი პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეთოდიკით ჩატარებულ მასტერკლასზე ახალგაზრდებს, უცხოელ თანატოლებთან ერთად, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რაც თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი საწყისი უნარებია მეცნიერებაში წვდომისთვის.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა სამივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, CERN-ის მკვლევართან, დოქტორ ნოვაკთან ერთად, ღონისძიების შედეგები პირდაპირი ტელეხიდის მეშვეობით, სპეციალურ ონლაინ კონფერენციაზე შეაჯამეს.
საქართველო 2019 წლიდან IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრი-ქვეყანაა. CERN-ის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც CERN/IPPOG-კოლაბორაცია წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობების მოზიდვასა და დაინტერესებას ფუნდამენტური კვლევებით.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...