სტუ და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს „ინჟინერიის მსოფლიო დღეს მდგრადი განვითარებისთვის“ (World Engineering Day for Sustainable Development) ულოცავენ და მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, ინჟინერიის მსოფლიო დღის აღნიშვნით, გაერო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს ყველა წამყვან დარგში ინჟინრების მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ უმთავრეს მისიაზე, რაც ინჟინერიას კაცობრიობის მდგრადი განვითარების გზაზე აკისრია.
„ინჟინერია, მეცნიერებასთან და განათლებასთან ერთად, კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა, რასაც ტექნიკური პროგრესი მოაქვს, იჭრება ყველა დარგსა და სფეროში, იყენებს როგორც კარგად დამკვიდრებულ სამეცნიერო პრინციპებს, ასევე, ავითარებს ახალ სისტემებს, ტექნოლოგიებს, ინდუსტრიას, ქმნის ინოვაციებს. დღეს თითქოს აღარ გვაკვირვებს ის გასაოცარი სიახლეები, რომლებიც მეცნიერებისა და ინჟინრების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება და რომლითაც საზოგადოება აქტიურად სარგებლობს. დღეს აღარავის უკვირს თამამად შემოჭრილი ახალი მიმართულებები – ნანოტექნოლოგია თუ ხელოვნური ინტელექტი, არც სხვა უახლესი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც კაცობრიობის ყოფა-ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
დღეს, როგორც არასდროს, ინჟინერია კაცობრიობის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ინჟინერიით შეძლო ადამიანმა ფეხი დაედგა მთვარეზე და თუ ოდესმე ვარსკვლავებს მივაღწევთ, ესეც, უდავოდ, ინჟინერთა დამსახურება იქნება.
საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გამორჩეულია ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებით, მნიშვნელოვანი საინჟინრო და ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობით. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ელიტარული მიმართულების – კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი, მისი სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებით. ტექნოლოგიური პროგრესი უნივერსიტეტის იმ ინჟინერთა, მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა უდიდესი ძალისხმევის შედეგიც არის, რომლებიც სამეცნიერო აღმოჩენებსა და ინოვაციებს პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიან, ქმნიან სამეცნიერო იდეებზე მომუშავე უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ექსპერიმენტებში, კოლაბორაციაში არიან მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, ზრდიან ახალ თაობებს და STEAM განათლების მიმართ ინტერესს უღვივებენ.
ინჟინერთა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ამ ღისშესანიშნავი დღის ადრესატები საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც წლების მანძილზე, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გენერალურ ასამბლეებსა და საერთაშორისო კონფერენციებში ევროპასა და ამერიკაში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ის კვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის, თავდაუზოგავი ერთგულებით ემსახურებიან ისეთ დარგებსა და სფეროებს, როგორიცაა: სამოქალაქო ინჟინერია; მანქანათმშენებლობა და სამრეწველო ინჟინერია; ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა და განახლებადი ენერგია; კომპიუტერული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა; საჰაერო და კოსმოსური ინჟინერია; ბირთვული და ბიოსამედიცინო ინჟინერია; ქიმიური, ბიოსისტემებისა და გარემოს ინჟინერია, ნავთობისა და გაზის მოპოვება. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების სახელით, გილოცავთ ინჟინერიის მსოფლიო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებას საინჟინრო-სამეცნიერო კარიერაში!
გვინდა ჩვენს ახალ თაობებსაც მივმართოთ – ინჟინერია STEAM განათლების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. დღეს ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დაეუფლოთ მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას. გვინდა იცოდეთ, რომ ინჟინერიის შესაძლებლობები უსასრულოდ ფართოვდება, სპეციალისტებზე მოთხოვნა კი, როგორც არასდროს, მზარდია. და თუ თქვენ, ახალგაზრდები, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ისურვებთ, ვფიქრობთ, რომ არჩევანს აუცილებლად ინჟინერიაზე შეაჩერებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის, იური სვანიძის ერთობლივ მიმართვაში.
ინჟინერიის მსოფლიო დღე მდგრადი განვითარებისთვის“ 2020 წლიდან, ყოველ 4 მარტს აღინიშნება. თარიღი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) დაარსების დღეს ემთხვევა და მიზნად ისახავს ინჟინერიის პოპულარიზაციას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გამოწვევასთან გამკლავებას.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...