სტუ-ის 10 სტუდენტი კომპანია Lion Trans-ში დასაქმდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ათი სტუდენტი, ავტომობილების დილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანია Lion Trans-ში დასაქმდება.
ავტოდილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსის მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის Lion Trans-ის ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, Lion Trans-ის გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
როგორც ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ინტენსიური ტრენინგკურსი, მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდა და 2 თვის განმავლობაში ფაკულტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ავტოინდუსტრიის სფეროში მნიშვნელოვანი და სპეციფიკური პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კომპეტენციები აეთვისებინათ.
ბორის გითოლენდიას თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და კომპანია Lion Trans-მა ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი სტუდენტებისთვის დამატებითი სწავლების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმით განმტკიცებული პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად შეიმუშავეს.
„კურსის მიზანი იყო, დაინტერესებული მსმენელისთვის გაეცნო ავტოსადილერო ინდუსტრიის თეორიული არსი და კომპანია Lion Trans-ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრაქტიკულ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. ტრენინგკურსი ინოვაციურია და ის კარგად ასახავს როგორც სადილერო ბიზნესის დარგობრივ საჭიროებებს, ასევე, ბიზნესპრაქტიკაში მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს. ტრენინგკურსი Lion Trans-თან პარტნიორობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ და სამ თეორიულ მოდულად დავყავით: „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“; „მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა“ და „ავტოდილერის პრაქტიკული მოდული“. სამივე მოდულის ათვისების შემდეგ, სტუდენტებმა პრაქტიკული სწავლებები Lion Trans-ის სათაო ოფისში გაიარეს, აითვისეს აუქციონის პლატფორმაც, რომელსაც მხარს უჭერს ერთ-ერთი მასშტაბური ამერიკული ავტოაუქციონი – IAA. აღსანიშნავია, რომ ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, Lion Trans-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ათი წარმატებული სტუდენტი კომპანიაში გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა ბორის გითოლენდიამ.
უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა კომპანია Lion Trans-ის გენერალურ დირექტორსა და ტრენინგკურსის მონაწილეებს. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და ბიზნესსექტორს შორის მსგავსად წარმატებული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს როგორც მოტივირებული სტუდენტების კარიერულ ზრდას და ავტოინდუსტრიის განვითარებას, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიურ წინსვლაზე.
„უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ათი წარმატებული სერტიფიცირებული სტუდენტი დასაქმდება ავტოინდუსტრიის სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიაში. Lion Trans-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ათივე ახალგაზრდას ექნება წვდომა კომპანიის შესაბამის პლატფორმებზე, სადაც თავისუფლად განახორციელებენ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და რეალურ ბიზნესპროცესში ჩაერთვებიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით Lion Trans-ის გენერალურ დირექტორს, ბატონ ლევან სუხიტაშვილს, კომპანიის დამფუძნებლებსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ავტოდილერთა მოსამზადებელი ტრენინგკურსის შემუშავებაში მონაწილეობდა. მადლობას ვუხდით ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი შრომით და მონდომებით უნივერსიტეტის მოლოდინი გაამართლეს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტსა და ბიზნეს შორის წარმატებული თანამშრომლობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს როგორც მოტივირებული სტუდენტების კარიერულ განვითარებას და ბიზნესკომპანიების შევსებას ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიურ მომავალზე“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია Lion Trans-ის პარტნიორობით შემუშავებული ავტომობილების დილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. სასწავლო კურსის პრაქტიკული შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ, კურსის გავრცობა და დაინტერესებულ პირთათვის მისი შეთავაზება იგეგმება.
Related
Graduation Ceremony Held at the Faculty of Business Technologies
A graduation ceremony was held at the Faculty of Business Technologies of the Georgian Technical University for the Class of...
Closing Ceremony of the 90th Open International Scientific Conference of Students Held at GTU
The closing ceremony of the 90th Open International Scientific Conference of Students and the award ceremony for the winners were...
The First Graduates of the Bachelor’s Program in Aviation Engineering Successfully Defended Their Diploma Theses
“An important stage in the history of the Georgian Technical University has begun. After a long pause, the Bachelor's Program...
Georgian Technical University Expresses Deep Sorrow over the Tragic Death of a Student
The Rector of the Georgian Technical University, Chairman of the Standing Conference of Rectors of Georgia, Academician David Gurgenidze, the...
Meeting Held at GTU with a Delegation from Northwest Agricultural and Forestry University of China
A meeting with a delegation from Northwest Agricultural and Forestry University of China (Shenzhen, China) was held at the Georgian...
GTU Rector Congratulates the Dean of the Faculty of Business Technologies, Professor Rusudan Kutateladze, on Her Birthday
Mrs. Rusudan, “On behalf of the Academic Council of the Georgian Technical University, our professors, students, and I sincerely and...