სტუ-ის მიერ მომზადებულმა მოსწავლეთა გუნდებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი და მეორე ადგილი მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მიერ მომზადებულმა მოსწავლეთა გუნდებმა – MARINEGUARD-მა და STARFISH-მა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი და მეორე ადგილი, ასევე, მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ერთად, NASA-ს კოსმოსური ცენტრის (აშშ) საზაფხულო სკოლისა და სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) iD Tech-ის საგზურები მოიპოვეს; გარდა ამისა, კონკურსზე რჩეული გუნდის სტატუსი დაისაკუთრა სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მიერ მომზადებულმა კიდევ ერთმა გუნდმა – BEES, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდების ხელმძღვანელები და მენტორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი დავით სონღულაშვილი და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები – მარეხ მაზანაშვილი და უტა კილასონია.
გამარჯვებული და ფინალისტი პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა.
პირველი ადგილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მთავარი პრიზი – NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება – მოიპოვა გუნდ MARINEGUARD-მა, რომლის შემადგენლობაში არიან ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის და სკოლა “სხივის” მოსწავლეები: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია, ანა სალდაძე.
MARINEGUARD-მა შექმნა ინოვაციური უპილოტო ნავი, რომელიც, ჩაღვრილი ნავთობის აღმოჩენის მიზნით, მონიტორინგს უტარებს საზღვაო წყლებს და დაბინძურებულ ზონებს სპეციალური ფილტრებით ავტომატურად ასუფთავებს.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი – STARFISH, რომლის შემადგენლობაში არიან ბათუმის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები: გიორგი გობაძე, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ჯელია, ელისაბედ გეგეშიძე და მარტა თოდუა.

STARFISH-მა ჭკვიანი და ეკომეგობრული თევზის ფერმა შექმნა. მეორე ადგილზე გასული გუნდი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ტექნოლოგიების ბანაკში (iD Tech) მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი – BEES, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ რჩეული გახდა. გუნდის წევრებმა – თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის”, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: სანდრო ჩიქოვანმა, ლაზარე ჩაჩუამ, ელენე ლუხუტაშვილმა, დემეტრე ხაჩიძემ და დაჯი კუჭავამ ფუტკრის შხამის მიღების ინოვაციური მეთოდისთვის მოწყობილობა შექმნეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდებს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებსა და დოქტორანტებს, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრს მორიგ ღირსეულ გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.
როგორც რექტორი აცხადებს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ტრადიციულად წარმატებით მონაწილეობენ და გამარჯვებას მოიპოვებენ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრის მიერ მომზადებული მოსწავლეთა გუნდები.
„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს – უკვე თამამად შეგვიძლია მათ გამომგონებლები ვუწოდოთ – მეცნიერების ურთულეს გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, მათი მომავალი ინტერესები უკვე განსაზღვრულია და ეს უთუოდ იქნება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფერო. ახალგაზრდების გამარჯვებას ვულოცავთ მათ მენტორებს – საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ბატონ დავით სონღულაშვილს, დოქტორანტებს მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას, რომლებმაც მოსწავლეთა გუნდებს ღირსეული მენტორობა გაუწიეს და პირველი მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გზა გაუკვალეს. ეს მორიგი გამარჯვებაც უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, რადგან სწორედ ამგვარი პროექტების შექმნითა და ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში ახალი, კონკურენტული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს მეტად დავუახლოვდეთ თანამედროვე მსოფლიოს, ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებელთა, ინჟინერთა და ინოვატორთა გაძლიერებას, რაც საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია. დასაფასებელია, რომ ახალგაზრდებმა დაისახეს მიზანი, ბევრი იშრომეს და შეძლეს ინოვაციური იდეების განხორციელება, რაშიც დიდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერების წვლილი. გილოცავთ კიდევ ერთხელ და თქვენგან მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ველით“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2014 წლიდან იმართება და უფროსკლასელებში STEM დისციპლინების, ინოვაციური პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად. პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც სამომავლოდ, მათ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...