სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი, შემეცნებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე ეტაპის დაწყებას, საუნივერსიტეტო საზოგადოებას კი სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღებას ულოცავს და მათ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, თავის მიმართვაში რექტორი ყურადღებას ამახვილებს სტუდენტური და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრების უმთავრეს ღირებულებებსა და მიზნებზე, ასევე, იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას მისცემს და ახალ პერსპექტივებს გაუხსნის.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გვაქვს პატივი მარიამობის დღეს გულითადად მოგილოცოთ ცხოვრების სრულიად ახალი, შემეცნებით, სილაღითა და თავგადასავლებით აღსავსე, ამავდროულად, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ეტაპის დაწყება, რომელიც თქვენი სტუდენტობის წლებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას გააერთიანებს.
თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან მოვლენას ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, რომლებიც ღირსეულად გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს, წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გაამართლეს თავიანთი ოჯახების, სკოლების, პედაგოგების მოლოდინი და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. სასიხარულოა, რომ მათ შორის მრავლად არიან სხვადასხვა ეთნიკურ-კონფესიური კუთვნილების ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები და ორმაგად სასიხარულოა, რომ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში მათი უმრავლესობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ირჩევს.
ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი მინდა განსაკუთრებით მივულოცო საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც დიდი სიხარულით ელიან პირველკურსელებს თავიანთ უნივერსიტეტებში.
ნებისმიერი ცოდნის მაძიებლის ცხოვრებაში სტუდენტობა გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხანაა, რომელიც თქვენს სამომავლო მიზნებს გამოკვეთს, ახალ გზებს გიჩვენებთ, საინტერესო პერსპექტივებს გადაგიშლით, ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. და ვიდრე სასურველ უნივერსიტეტში სწავლას შეუდგებით, გახსოვდეთ, რომ თქვენი მომავლის საუკეთესო ინვესტიცია სწორედ განათლებაა.
დარწმუნებული ვართ, თქვენი არჩევანი ღრმად გააზრებულია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლაა, რომელმაც ახალი ასწლეულის ათვლა დაიწყო, სადაც საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებთან ერთად, წარმატებით ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები. წელს, თქვენი სახით, პირველკურსელ ბაკალავრთა 102-ე ნაკადს, ასევე, პირველკურსელი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მიღებას ველით. ეს პროცესი, უნივერსიტეტისთვის „ახალი სისხლის გადასხმის“ ტოლფასია და როგორც წესი, სასიამოვნო მღელვარებითაა აღსავსე. სწორედ ამიტომ, საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესსა და შედეგებს მუდამ დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სადაც 16 სექტემბრიდან სწავლას დაიწყებთ, თავისი არსებობის მანძილზე მრავალ წარმატებულ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საინჟინრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ისტორიას, მოვლენას თუ ფაქტს მისცა დასაბამი და ყველა მათგანი ჩვენი ინჟინერ-ტექნოლოგების, მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლების და კურსდამთავრებულთა მოღვაწეობის იმ ძირითად ეტაპებს უკავშირდება, რაც საქართველოში არაერთი დარგისა და პრიორიტეტული მიმართულების დაარსება-განვითარების და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველი გახდა. უნივერსიტეტი აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა, აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებთან, ფართო საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციები ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი გუნდი მოტივირებულია, ახალგაზრდებს მოგცეთ აქტუალური ცოდნა, თანამედროვე განათლება, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ჩაგრთოთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ჩამოგაყალიბოთ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და მაღალი რანგის მკვლევრებად. აქედანვე მოგიწოდებთ, სწავლასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც ახალგაზრდულ ცხოვრებას გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით. სტუდენტური ცხოვრებით შეიძენთ მრავალ მეგობარს, მათ შორის პედაგოგებს, რომლებიც არჩეული გზის გაკვალვაში ყოველთვის თქვენი მხარდამჭერები იქნებიან. გახსოვდეთ, სტუდენტობის წლებშიც და მთელი ცხოვრების მანძილზეც თქვენი ალმა-მატერი მუდამ თქვენს გვერდით იქნება და თქვენი წარმატებით იამაყებს.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ – კარგი სწავლით, დაუზარელი შრომით შეგიძლიათ უნივერსიტეტისგან შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა თქვენივე ღირსეული მომავლის შესაქმნელად გამოიყენოთ და ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროთ, საქართველოს სახელი შორს გაიტანოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ახალგაზრდებო, ჩვენო პირველკურსელებო, ჯანმრთელობას, წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ! ცოდნა ძალაა – Gaudeamus Igitur!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
28.08.2024
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...