სტუ-ის რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან რექტორის შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის საერტაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნატო ჭუჭულაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს.
რექტორის თქმით, პარტნიორობა ასევე ყოველწლიურად ფართოვდება უნივერსიტეტ რენ 1-თან, მონპელიე სუპაგროსთან, რომლებთან ერთადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას.
დავით გურგენიძემ ისაუბრა რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.
გარდა ამისა, რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობისა და ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობის შედეგები გააცნო.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი და სხვ. მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN-თან ერთად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმაოს კოლაბორაცია რენის უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კვლევითი პროექტები, დაგეგმოს სამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან ლე პიკარმა აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელით, თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება.
„რენის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო-სამეცნიერო პროცესების გაღრმავებით, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებით, ასევე, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებით, რაც ორ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს საფუძველი ჩაუყაროს მყარ პარტნიორულ კოლაბორაციას“, – განაცხადა სებასტიან ლე პიკარმა.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...