სტუ-ში დიზაინის საერთაშორისო სკოლის დაარსების დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) დღე აღინიშნა. მიმდინარე წელს სტუ-ის ამ ერთადერთ, სრულად ინგლისურენოვან ფაკულტეტს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტის დეკანები, სფეროში მოღვაწე ცნობილი სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ფაკულტეტის დაარსებიდან 10 წლისთავი მიულოცა.
რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლადდაარსებული, ათწლიანი ისტორიის მქონე და თავისი შინაარსით უნიკალური დიზაინის საერთაშორისო სკოლა უკვე შემდგარი ფაკულტეტია, რასაც მისი არსებობის მანძილზე სტუდენტთა, მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა მიერ მოპოვებული არაერთი წარმატება ადასტურებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბევრი ბრძოლა და სირთულე გადალახა, თუმცა შეძლო დაეფუძნებინა და წარმატებით აემოქმედებინა ახალი ფაკულტეტი – ინგლისურენოვანი დიზაინის საერთაშორისო სკოლა. სკოლის შექმნასა და წარმატებით ფუნქციონირებაში დიდია, როგორც იმჟამინდელი რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის წვლილი, ასევე, სკოლის დეკანის, პროფესორ ნიკოლოზ შავიშვილის, თითოეული პედაგოგისა და რაც მთავარია, სტუდენტების წვლილი. დღეს ფაკულტეტი მყარად დგას ფეხზე და ამის დასტური ის მნიშვნელოვანი წარმატებებია, რასაც დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აღწევენ სწავლა-სწავლების პროცესში, ხოლო კურსდამთავრებულები კი წარმატებით საქმდებიან დიზაინ-სტუდიებსა და სხვადასხვა კომპანიაში. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სკოლა იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სტუდენტებს, სასწავლო პროცესში კი ქართველ კოლეგებთან ერთად, არაერთი ცნობილი უცხოელი პედაგოგია ჩართული. დიზაინის საერთაშორისო სკოლას, მის დეკანსა და აკადემიურ პერსონალს მინდა მივულოცო მნიშვნელოვანი წარმატება იმ მხრივაც, რომ მათ მოიპოვეს არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია და სტუდენტთა მიღებას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ. მთავარია, არა მხოლოდ ჩვვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეს სკოლა, თავისი მიზნებითა და არსით, უნიკალური და ერთ-ერთი წამყვანია. დღეს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში ბევრი გარდაქმნა ხორციელდება, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, რომელთა დაძლევაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენმა ბიოსამედიცინო იჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკვე მოიპოვა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს საერთაშორისო ABET აკრედიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ აკრედიტაციის მისაღებად, ამ ეტაპზე, კიდევ ხუთ პროგრამას ვამზადებთ, დავაარსეთ ორი ახალი ფაკულტეტი, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით და ეს პროგრამები უკვე პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რაც, დაგვეთანხმებით, უნივერსიტეტის დიდი წარმატებაა, აქტიურად მოდერნიზდება საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, იხსნება ახალი ლაბორატორიები – ყოველივე ერთობლიობაში, მიმზიდველს ხდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების მიღებას. ვიმედოვნებთ, დიზაინის საერთაშორისო სკოლაც, რომელიც სრულიად გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით, უფრო და უფრო მეტს იზრუნებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები. გილოცავთ, კოლეგებო, ჩვენო ახალგაზრდებო, სკოლის დაარსების დღეს და მრავალმხრივ წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც დეკანმა, პროფესორმა ნიკოლოზ შავიშვილმა განაცხადა, დიზაინის საერთაშორისო სკოლის უმთავრესი მიზანია, მასშტაბურად დანერგოს დიზაინ-აზროვნების კონცეფცია, როგორც აკადემიურ დონეზე, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში, აღზარდოს ახალგაზრდა პროფესიონალთა კონკურენტუნარიანი თაობები და ადეკვატურად მოამზადოს ისინი მომავლისთვის.
„სტუდენტებსა და პედაგოგებს გილოცავთ ჩვენთვის სრულიად ღირსშესანიშნავ დღეს. დიზაინის საერთაშორისო სკოლას 10 წელი შეუსრულდა. ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეს პირველი და ერთადერთი სრულად ინგლისურენოვანი ფაკულტეტი იკავებს ღირსეულ ადგილს, როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი მიზანი საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დიზაინის უახლესი მიდგომების ინტეგრირებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი თანამედროვე დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, პროფესორი ჯორჯეტო ჯუჯარო იყო. ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები მომზადებულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიზაინის წამყვან უმაღლეს სკოლებში მოქმედი პროგრამების შესაბამისად და უმაღლესი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების სრული დაცვით. სასწავლო პროცესში დიზაინის საერთაშორისო სკოლა წარმატებით ითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორც სწავლების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, უახლესი ტექნოლოგიებისა და უახლესი მეთოდიკების გამოყენების მიმართულებით. ფაკულტეტზე უკლებლივ ყველა პედაგოგი პრაქტიკოსია და მათ ზურგს უმყარებს დიზაინის სფეროში ნამუშევრების სერიოზული კოლექცია, ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული პრიზები და ჯილდოები, რაც ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ფორმირების პროცესში. სასიხარულოა, ამავე დროს, საამაყო, რომ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ჩვენი მოწვეული პედაგოგები ხდებიან – ამ მხრივ, ჩვენი ყოფილი სტუდენტი დავით დრონი კარგი მაგალითია. დიზაინის საერთაშორისო სკოლის უმთავრესი მიზანია, აღზარდოს კონკურენტუნარიან პროფესიონალთა თაობები, ადეკვატურად მოამზადოს ახალგაზრდები მომავლისთვის იმ ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგანან დიზაინერები და არქიტექტორები და ფართოდ დანერგოს დიზაინ-აზროვნების კონცეფცია, როგორც აკადემიურ დონეზე, ასევე პრაქტიკაში. რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის წამოწყებით, შესანიშნავი ტრადიცია დაინერგა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – დღეს, ჩვენს სტუდენტებთან ერთად, მოგვეცა საშუალება კოლეგებისა და მოწვეული სტუმრებისთვის გაგვეკეთებინა იმის დემონსტრირება, თუ რისი გაკეთება შევძელით, რანი ვართ დღეს და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. მადლობას ვუხდით რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და დაუფარავად ვაცხადებთ, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესში თავის უმთავრეს პრინციპებს არასოდეს უღალატებს“, – აღნიშნა დეკანმა, ნიკოლოზ შავიშვილმა.
უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სახელოსნოები, ლაბორატორიები, ასევე, სტუდენტებისა და პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. რექტორსა და სტუმრებს დეკანმა, ნიკოლოზ შავიშვილმა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი წიგნი – „დიზაინის საერთაშორისო სკოლა 10 წლისაა“ საჩუქრად გადასცა.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...