სტუ-ში კონსტანტინე აფხაზისა და 14 ოფიცრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ადმინისტრაციისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა არტილერიის გენერალ-მაიორის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკში ჩეკისტების მიერ დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო დეკანოზმა ლევან ფირცხალაიშვილმა დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა – “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის” გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, დიდი ილია ჭავჭავაძის დისწულის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” 14-ვე წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის და ვარდენ წულუკიძის, ოფიცრების – როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის, ელიზბარ გულისაშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, ფარნაოზ ყარალაშვილის, ლევან კლიმიაშვილის, ნიკოლოზ ზანდუკელის და ივანე ქუთათელაძის, იასონ კერესელიძისა და სიმონ ჭიაბრიშვილის, ცხოვრება და მოღვაწეობა, თაობებისთვის სამაგალითოა. რექტორის თქმით, კონსტანტინე აფხაზმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს უკეთეს მერმისზე ფიქრსა და ბრძოლაში გაატარა და საბოლოოდ ზვარაკად შეეწირა მას.
„ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ქართული სახელმწიფოებრიობის რენესანსის პერიოდში შოთა რუსთველმა ბრძანა „წინა კაცი უკანასი, ხიდია“, ილია ჭავჭავაძემ კი განავრცო და თქვა, რომ რუსთველის ნააზრევის გათვალისწინების გარეშე, ვერ გავაცნობიერებთ, თუ „საიდამ მოვდივართ და საით მივდივართ“. კონსტანტინე აფხაზი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამშობლოსთვის იღვაწა. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დიდია მისი როლი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების და ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად, კოტე აფხაზიც აწერდა ხელს. როდესაც კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი ჩეკისტებმა დახვრიტეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო – „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის. დღეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 101 წლის შემდეგ, მომავალი თაობებისათვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა. სწორედ ასეთი სულისკვეთებაა “მამული, ენა და სარწმუნოება”, რომელიც ჩვენ, პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს. მათ უნდა იცოდნენ წარსული და პატივი სცენ წინაპრებს, რათა მშვიდობიან გარემოში ააშენონ საქართველოს მომავალი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მისია. დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 15 ქართველი სამშობლოს სიყვარულისთვის დახვრიტეს. 1923 წლის 20 მაისიდან 100 წლის შემდეგ, მთავრობისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ჩართულობით, აქ მემორიალი გაიხსნა. მსგავსი მიდგომა მიუთითებს რაოდენ ძვირფასია ქვეყნის მმართველი ძალისთვის საქართველოს ისტორია, წარსული, რომელიც უკეთეს აწმყოსა და მომავალს ქმნის”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, 20 მაისი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.
“15 მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩეკისტებმა ისინი სასტიკად აწამეს, მაგრამ ჯალათებმა ვერც ერთი ვერ დააჩოქა. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. მათგან ასეთი დამოკიდებულება გვაიმედებს, რომ საქართველოს უკეთესი მომავლი ელის. ჩვენ კი ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. დაე, არასდროს დაგვჭირვებოდეს მამულიშვილთა ზვარაკად შეწირვა და სახელმწიფო სტაბილურ ვითარებაში გვეშენებინოს”, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
შეხვედრაზე – „წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის”, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა.
“პოლიტიკაში აღმატებული ღირებულება თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ყველა ადამიანის ისტორია, რომელთა ცხოვრება უკავშირდება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ის მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა. 70 წელი იბოგინა საქართველოში ანექსიამ და წინაპრები თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი სტიმული იყო და იქნება მომავალი თაობებისთვისაც. მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, იმისთვის, რომ არ ივიწყებენ გმირებს”, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.
ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი მისი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...