სტუ-ში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური კლუბების ერთობლივი ღონისძიება – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება.
მასტერკლასი, სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ეწყობა.
ღონისძიების ბენეფიციარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები არიან. პროექტის მხარდამჭერია თსსუ-ის სტუდენტური კლუბი „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“.
როგორც ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი მარიამ კაკაურიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის და, ასევე, ჩვენი პედაგოგებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასების ჩატარებას. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები აკეთილშობილებს საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოციუმის კეთილდღეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანატოლების მხრიდან დაინტერესება დიდია. ეს გვაძლევს მოტივაციას და იმის საფუძველს, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური გავხადოთ“, – ამბობს მარიამ კაკაურიძე.
თსსუ-ის სტუდენტური კლუბის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, სიტუაციურ ანალიზსა და შეფასებებს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით.
როგორც თორნიკე ფუტკარაძე განმარტავს, მასტერკლასის გავლის შემდეგ ახალგაზრდები პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებენ.
„დაზარალებული ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში. ის შეიძლება იყოს უცნობი, ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანიც ეს არის – ახალგაზრდებმა სამედიცინო მიმართულებით შეიძინონ კრიტიკული მდგომარეობის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეძლონ ნებისმიერი მოქალაქისთვის პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ იქამდე, ვიდრე პაციენტის მდგომარეობის მართვაში პროფესიონალი მედიკოსები ჩაერთვებიან”, – აღნიშნავს თორნიკე ფუტკარაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიარეს გადაუდებელი შემთხვევების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული სავარჯიშოები, შეისწავლეს სხვადასხვა ტრავმისას სისხლდენის სწრაფად შეჩერების, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადების, ინტოქსიკაციისა და გულყრის შემთხვევების მართვის, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის, ასევე, გულზე მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მეთოდები.
სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასის გაფართოებას და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებას გეგმავენ.
Related
I. Zhordania Center for the Study of Georgian Industrial Forces and Natural Resources announces a competition
The Scientific Council of the I. Zhordania Center for the Study of Georgian Industrial Forces and Natural Resources of the...
GTU Researchers were on a working visit to the University of Twente
A group of researchers from the Department of Engineering Physics at the Georgian Technical University, consisting of Professor Paata Kervalishvili...
GTU Team Participated in the First Student “B2B SALES” Competition of the Eastern Partnership Countries in Yerevan
The student team of the Faculty of Transport Systems and Mechanical Engineering at the Georgian Technical University participated in the...
“Tegeta” Modern Training Center Opens at GTU
“The Georgian Technical University considers the development of close and results-oriented cooperation with the private sector to be one of...
GTU Professors on a Working Visit to Poland and the Czech Republic
Representatives of the Faculty of Mining Geology and Sustainable Mountain Development of the Georgian Technical University – Head of the...
GTU Rector expresses condolences over the death of prominent Georgian mathematician Aleksandre Lashkhi
The Rector of the Georgian Technical University, Chairman of the Standing Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia,...