სტუ-ში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავსა და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას მიეძღვნა.
სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ციკლური ღონისძიებების ფარგლებში იმართება, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატენოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერები, საქართველოს საერთაშორისო, სუხუმის, ასევე, ბოლონიის (იტალია) და ტოკიოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები.

კონფერენციაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობდა ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მიხეილ ჭიაურელის ფილმში – „გიორგი სააკაძე“ – პაატა სააკაძის როლს ასახიერებდა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა. მან ქართველ და უცხოელ მკვლევრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის 2026 წელს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.
ივანე გიორგაძის თქმით, პროგრამის მიზანია, საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შეახსენოს საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები.
„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიისა და მისი ხელმძღვანელის, პროფესორ გივი ლობჟანიძის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში ტარდება, ეძღვნება პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავს და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არა მხოლოდ აქტიური საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები მიმდინარეობს, არამედ ხორციელდება რიგი პროგრამებისა იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ქართული სახელმწიფოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობები, გაითავისონ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და მომენტუმები, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თემების აქტუალიზაცია, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საგულისხმოა, რომ კონფერენცია 400 წლის წინ სამშობლოსათვის სრული გაცნობიერებით თვითშეწირული ახალგაზრდის, დიდებული ისტორიული ფიგურისა და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის – გიორგი სააკაძის შვილს ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც თავიანთი სამეცნიერო მოხსენებებით ცდილობენ ნათელი მოფინონ მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტუმების საჭოჭმანო საკითხებს, უზუსტესი შეფასება მისცენ ისტორიულ მოვლენებსა და პიროვნებებს, და გარდა ამისა, გამოაფხიზლონ და დააფიქრონ საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა და შეახსენონ თუ რამდენად რთული გზა განვლო საქართველომ წარსულიდან დღემდე და რას ეფუძნება ჩვენი ეროვნული ფასეულობები თუ ღირებულებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო კონფერენციას, მის მონაწილე ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და ვიმედოვნებ, არაერთ საინტერესო და ფაქტსა და მოვლენას შევაფასებთ და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.
კონფერენციაზე წარდგნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ლობჟანიძე – მოხსენებით: „ერთიანი საქართველოს იდეა და მისი განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა“; პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი – მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი“; ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი და ირანოლოგი იროტაკე მაედა – მოხსენებით: გიორგი სააკაძის მოღვაწეობა და მისი მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში“; გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ასლან აბაშიძე – მოხსენებით: „ადამიანის უფლებები და საქართველო“; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მკვლევარი, პროფესორი ქეთევან ახობაძე – მოხსენებით: „ქართული სახვითი ხელოვნების იდენტობის საკითხი – 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ციფრული გამოწვევები ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჭრილში“; პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი – მოხსენებით: „სახალხო განათლების დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ნიშნიანიძე – მოხსენებით – „დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სამართლებრივი მნიშვნელობა“.
კონფერენციაზე რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღებების შესახებ აუდიტორიას მოგონებები გაუზიარა და ისაუბრა ქართული ისტორიული ფილმების მნიშვნელოვან როლზე ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის გაძლიერების ჭრილში.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის, „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, გასულ წელს გამართული პირველი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ქეთევან დედოფლის წამების 400 წლისთავს მიეძღვნა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...