საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩინეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში თანამშრომლობას აფართოებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ გუდავაძისა და ასოცირებულ პროფესორ ლევან ოსიძის შემადგენლობით, სპეციალური მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქებში – დუნხუანსა და ლანჯოუში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
დუნხუანში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მნიშვნელოვანი ინიციატივის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – 10 წლისთავის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის როლის განიხილვას მიეძღვნა. განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართეს. შედეგად, ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან თანამშრომლობის დოკუმენტს სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მოაწერა ხელი, ხოლო ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მხრიდან – რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟენგ შაოპინმა.
როგორც ზურაბ გუდავაძე აღნიშნავს, ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აზიის ქვეყნებთან საგანმანათლებლო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოებას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ემყარება უნივერსიტეტის ხედვას ერთი მხრივ, ამერიკისა და ევროპის, ხოლო მეორე მხრივ, აზიის საგანმამანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებში ინტეგრაციის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.
„მოხარული ვართ, რომ ჩინეთში ვიზიტი სიღრმისეულ და პერსპექტიულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ლანჯოუ, რომელიც აბრეშუმის გზის საკვანძო წერტილი იყო ისტორიულად, დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო, ინდუსტრიული და სატრანსპორტო ცენტრია ჩინეთში. ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი, როგორც პრესტიჟული საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება, საერთაშორისო რეიტინგებით მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებს შორისაა. ამ მხრივ, მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის და ურთიერთგაგების მემორანდუმიც, რომელიც ამ ჩინურ უმაღლეს სკოლასთან გავაფორმეთ, მრავალმხრივ პარტნიორობას ითვალისწინებს: აკადემიური და კვლევითი პერსონალის გაცვლა, სტუდენტებისთვის მობილობის და სასტიპენდიო პროგრამების ამოქმედება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, ინტელექტუალური რესურსის ერთობლივად გამოყენება, ჩვენს უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნება, კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების გამართვა და მრავალი სხვა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტეგრაციას აზიის წამყვან სამეცნიერო ქსელებში, ქმნის მყარ საფუძველს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, შეუწყობს ხელს ჩვენს სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო განათლება, გამოცდილება და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანი.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე აღსანიშნავი იყო მონაწილეობა დუნხუანში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ათი წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მთავარი თემა – ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ეპოქაში – პირდაპირ თანხვედრაშია იმ კვლევებთან, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ. საგულისხმოა, რომ მიმდინარე თვეში ჩვენმა უნივერსიტეტმა ხელოვნურ ინტელექტში ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გაუწია ორგანიზება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი სურვილია, მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ჩვენი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომ გამოცდილებად იქცეს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძალისხმევით კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ინიციატივა განხორციელდა – ეს არის „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის“ დაარსება. სწორედ ეს ცენტრი გახდება ინტერდისციპლინური სივრცე კულტურათაშორისი კომუნიკაციის, მეცნიერებაზე დაფუძნებული დიპლომატიისა და საგანმანათლებლო დიალოგის გასაძლიერებლად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის მხარდაჭერით, აგრძელებს საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით სივრცეში, ერთი მხრივ ამერიკისა და ევროპის, მეორე მხრივ კი აზიის მიმართულებით ინტეგრაციას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან გაღრმავდება და განახლებული სტრატეგიული მიმართულებები რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ისე ჩვენს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ზოგადად, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას,“ – აღნიშნავს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...