აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა და მკვლევრის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის – რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სამედიცინო საზოგადოებას.
„პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. დავკარგეთ გამორჩეული ქირურგი-ონკოლოგი, აღიარებული მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრება და პროფესიონალიზმი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მედიცინის წინსვლას ემსახურებოდა – დაუღალავად იღვწოდა საქართველოში თანამედროვე ონკოლოგიური სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. პროფესორი რემა ღვამიჩავა იყო სკრინინგცენტრის პირველი დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული სკრინინგპროგრამების განვითარებას, პრევენციული მედიცინის გაძლიერებასა ხელმისაწვდომობის ზრდას. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის განვითარებაც, რამაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პროფესორი რემა ღვამიჩავა საზოგადოებას დაამახსოვრდება, როგორც უმაღლესი პროფესიონალიზმის, სიბრძნის, კეთილშობილებისა და განსაკუთრებული ჰუმანიზმის მქონე ექიმი, რომელსაც შეეძლო უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის იმედი ჩაესახა, გაეძლიერებინა პაციენტის რწმენა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად ებრძოლა. სწორედ რემა ღვამიჩავას სამეცნიერო მემკვიდრეობა, პედაგოგიური საქმიანობა და აღზრდილ მედიკოსთა არაერთი თაობაა მისი ცხოვრების მარადიული გაგრძელება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მისი ონკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქართველოს ეროვნულ სკრინინგცენტრს, სტუდენტებსა და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.
დარწმუნებული ვართ, პროფესორ რემა ღვამიჩავას სახელი, მისი პროფესიონალიზმი, ჰუმანიზმი, საქმისადმი ერთგულება და ღვაწლი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მედიცინის ისტორიაში,
ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ბატონი რემა იყო გამორჩეული ექიმი, მკვლევარი, მასწავლებელი, კოლეგა, მეგობარი. ნათელი მის ხსოვნას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....