„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების ციკლს აერთიანებდა.

პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისა და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია პროფესორმა არჩილ კოხტაშვილმა წაიკითხა თემაზე – „ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების გამოყენება ენერგოსისტემებში“.

ლექციის მთავარი აქცენტი ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიების მზარდ მნიშვნელობაზე გაკეთდა, რომელიც თანამედროვე ენერგეტიკული სისტემების განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად მიიჩნევა. პროფესორმა განიხილა ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების ფუნქცია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და მოხმარების პროცესებში, მათი გავლენა ენერგოსისტემების საიმედოობასა და მოქნილობაზე, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის ხელშეწყობის შესაძლებლობები.

საჯარო ლექციაზე ყურადღება დაეთმო იმ გამოწვევებსაც, რომელთა წინაშეც დღეს ენერგეტიკის სექტორი დგას. აღინიშნა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების მზარდი წილის პირობებში, ენერგიის დაგროვების სისტემები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გენერაციის არასტაბილურობის დასაბალანსებლად, პიკური დატვირთვების სამართავად და ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები თანამედროვე „ჭკვიანი“ ენერგოსისტემების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სისტემური ეფექტიანობისა და დეკარბონიზაციის პროცესში. ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ პროექტ „ენერგეტიკის ღია სივრცის“ დასკვნითი საჯარო ლექცია სწორედ ამ თემას დაეთმო, რადგან ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიები დღეს არა მხოლოდ ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა, არამედ იმ გარდაქმნების საფუძველიც, რომლებიც მომავლის მდგრად და მოქნილ ენერგოსისტემებს განსაზღვრავს.

როგორც პროფესორი ქეთევან  ქუთათელაძე აცხადებს, პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“ მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე თანამედროვე პროცესების განხილვაში, ცოდნის გაზიარებასა და აკადემიური და პროფესიული წრეების თანამშრომლობის გაღრმავებას.

„პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ ჩვენი ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივა იყო, რომელმაც მთელი სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და განვითარების ტენდენციებს. საჯარო ლექციების ციკლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური სივრცის გახსნა პროფესიული საზოგადოებისათვის. სიმბოლურია, რომ პროექტის დასკვნითი ლექცია დაეთმო ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების გამოყენებას ენერგოსისტემებში.

დღეს, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკა აქტიურად გადადის განახლებადი ენერგიის წყაროებზე, ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად ყალიბდება. სწორედ ამ სისტემებზეა დამოკიდებული ენერგოსისტემების მოქნილობა, მდგრადობა და მზისა და ქარის ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაცია. პროფესორ არჩილ კოხტაშვილის ლექციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, სიღრმისეულად გაეანალიზებინათ ის ტექნოლოგიური და საინჟინრო გამოწვევები, რომლებიც ენერგეტიკის მომავალს განსაზღვრავს. მოხარული ვართ, რომ „ენერგეტიკის ღია სივრცემ“ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე პროფესიულ წრეებში. მადლობას მოვახსენებ კოლეგებს საჯარო ლექციის გამართვისა და პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“.

– პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე

პროექტის ფარგლებში გამართული საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემას მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, უშუალოდ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ენერგეტიკის უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?