საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა.

თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც ენერგეტიკის ფაკუკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში განთავსდება, ასევე გამოყენებულ იქნება პროექტის – „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში სატრენინგო პროგრამის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ პროექტს “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” “World Vision საქართველოსა” და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ენერგეტიკის ექსპერტი – ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე, “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პროექტის – „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ – განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ბიზნესკომპანიის თანამშრომლების, პროფესიული სტუდენტების, პრაქტიკოსი ტრენერებისა და მომავალი სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთელის განცხადებით, 37800 ლარის ღირებულების თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” სატრენინგო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეისყიდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა, უახლოესი მომავლიდან გამოყენებულ იქნება სატრენინგო პროგრამისთვის, ასევე ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისთვის.

“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესის გაძლიერების მიმართულებით. მისი საშუალებით ჩვენს სტუდენტებსა და მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ პირობებში შეისწავლონ შენობათა თბოსაიზოლაციო თვისებები და ენერგოაუდიტის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების გადამზადება და მათი აღჭურვა როგორც მყარი თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარებით. ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ენერგოეფექტურობის სტანდარტების ამაღლებას. მადლობას ვუხდით “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე ბიზნესპრაქტიკის განვითარებას“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ აღნიშნა, სატრენინგო პროგრამა, რომელსაც ახლო მომავლიდან ჩაეყრება საფუძველი, ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვას შეუწყობს ხელს.

“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მასალებისა და სამშენებლო კონსტრუქციების თბური თვისებების განსასაზღვრად, ასევე შენობების ენერგოდანაკარგების ანალიზისა და თბოიზოლაციის შეფასებისთვის. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება თბური ნაკადის სენსორს: მოწყობილობა ერთ მხარეს აფიქსირებს კონსტრუქციაში გამავალ სითბოს ნაკადს, ხოლო მეორე მხარეს ზომავს ზედაპირების ტემპერატურებს, რის საფუძველზეც ხდება თბური წინაღობის ზუსტი გამოთვლა. მოწყობილობა აღჭურვილია თბური ნაკადის სენსორით, ტემპერატურის სენსორებით, მონაცემთა ლოგერითა და ანალიზის პროგრამით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე ენერგოეფექტურობის შეფასებასა და შენობების ენერგოაუდიტში, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითად მდგრადი პრაქტიკების დანერგვას“, – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.

“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელის, გიორგი აბულაშვილის თქმით, ცენტრი აქტიურად მუშაობს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, რა პროცესშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევძლოთ აკადემიურ სივრცესთან მჭიდრო თანამშრომლობა და ისეთი პრაქტიკული რესურსების გამოყენება, რაც რეალურად გააძლიერებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით სწავლებისა და კვლევის ხარისხს. “ენერგოეფექტურობის ცენტრი” აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტები და გაიზარდოს კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად შევქმნათ გადამზადების პროგრამები“, – განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?