ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მკვლევრების საჯარო ლექციები სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა – ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა საჯარო ლექციები გამართეს.
უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვევით, საჯარო ლექციებს უძღვებოდნენ FAU Erlangen-Nürnberg-ის N-Squared Lab-ის (გერმანია) მკვლევარი და დოქტორანტი რაულ სიმპეტრუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მკვლევარი სალომე ფიროსმანიშვილი.
საჯარო ლექციებს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
რაულ სიმპეტრუმ საკუთარი თემის – „კუნთები, მანქანები და მოძრაობა: EMG-ის როლი სიმულაციასა და რეაბილიტაციაში“ ირგვლივ თანამედროვე EMG ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლებლობებზე ადამიანის მოძრაობის კვლევის, რობოტიკისა და რეაბილიტაციის კუთხით ისაუბრა. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა კვლევის ინტერესები, რაც მოიცავს ნეიროინტერფეისებს, ელექტრომიოგრაფიას (EMG) და ადამიანის მოტორულ კონტროლს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიმართულია ნეირომუსკულური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენისა და გაუმჯობესებისკენ. რაულ სიმპეტრუმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ ეხმარება მანქანური სწავლება ნეირორეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანად მართვასა და ბიომექანიკური სიმულაციების შექმნაში.
სალომე ფიროსმანიშვილის თემა – „ნეირონული აქტივობიდან ელექტრულ სიგნალამდე და პირიქით“ – ეხებოდა ნეირონული იმპულსების (სპაიკების) დამუშავებისა და მათი ელექტროფიზიოლოგიურ სიგნალებად გარდაქმნის მათემატიკურ და საინჟინრო მოდელებს. მან ისაუბრა ნერვული სისტემიდან წამოსული ბიოსიგნალების დეკოდირების მეთოდებზე, ციფრული ფილტრაციის ალგორითმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს მაღალი სიზუსტის მონაცემთა მიღებასა და ინტერპრეტაციას ბიოსამედიცინო კვლევებში.
ორივე მკვლევარმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუდიტორიას გააცნო ის კონკრეტული თანამედროვე მოწყობილობები და მონაცემთა შეკრების უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი კვლევის პროცესში იყენებენ, რამაც სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, მსგავსი ტიპის საჯარო ლექციების გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.
„როდესაც ახალგაზრდა მეცნიერები თავიანთი კვლევების შესახებ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას, ეს ქმნის ცოცხალ აკადემიურ პლატფორმას გამოცდილების გაცვლისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან ისინი თეორიულ მასალასთან ერთად, ნათლად აღიქვამენ მეცნიერების პრაქტიკულ და გამოყენებით მხარეს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს. პედაგოგებისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, თვალი ადევნონ საერთაშორისო სამეცნიერო ტენდენციებს და სასწავლო პროცესში უახლესი მიღწევები შემოიტანონ. ასეთი შეხვედრები საფუძველს უყრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების დასახვას“.
– პროფესორი ირინე გოცირიძე
პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მუდმივად ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პრაქტიკასა და კვლევაზე დაფუძნებული განათლება. დეკანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასეთი ტიპის საჯარო ლექციები ფაკულტეტის ორგანიზებით მომავალშიც ხშირად გაიმართება, რაც გახდება გარანტი იმისა, რომ სტუ-ის სტუდენტები მუდმივად იქნებიან ინტეგრირებულნი გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, დროულად მიიღებენ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც მზად იქნებიან უპასუხონ თანამედროვე შრომის ბაზრისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიის გამოწვევებს.
მსგავსი
UNI4VERSE FINEDU – ინოვაციური კონკურსი სტუდენტებისთვის დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება, რომლის თემა ფინანსური განათლებაა....
მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში
„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...
23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა
27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...
სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს...
განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...
სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...
