სტუ-ში კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი მხატვრის 80-ზე მეტი ფერწერული ტილო – პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მშობლიური კუთხის, რაჭის პეიზაჟებს ეთმობა.
პერსონალური გამოფენის გახსნას, რომელიც ხელოვანისთვის რიგით მეშვიდეა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები. ღონისძიების გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრები, ასევე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
როგორც გამოფენის გახსნაზე სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ზურაბ გუდავაძემ მხატვარს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა.
„ჩვენთვის, უდავოდ, მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი გამოფენების მოწყობა, მით უმეტეს, როდესაც გამორჩეული ნიჭისა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე მხატვარი ჩვენი კურსდამთავრებულია. ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედება მთლიანად გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ძლევამოსილ და სწორუპოვარ წინაპართა სიყვარულითა და პატივისცემით. ნამუშევრებიდან იკვეთება ის დიდი აღტაცება, რასაც შემოქმედი საქართველოს ხუროთმოძღვრების შედევრების, ულამაზესი კუთხეების, განსაკუთრებით კი თავისი შობლიური რაჭის მიმართ განიცდის. თუმცა, მისინამუშევრები კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებენ იმაში, რომ ავთანდილ რეხვიაშვილი მხოლოდ წარსულის სიდიადით არ საზრდოობს და მისთვის უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავალია“, – აღნიშნა გამოფენის გახსნაზე ზურაბ გუდავაძემ.
ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრა საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ. მისი თქმით: „ავთანდილ რეხვიაშვილი, ძირითადად, ფერწერის ტექნიკით მუშაობს. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო და ფერწერა მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა აფხაზეთში გადატანილი ომის შემდეგ. ამ თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება გასაოცრად თვითმყოფადი და ჟანრობრივად ძალიან საინტერესოა. მისი ყოველი ნამუშევარი მაღალმხატვრულ დონეზე და უდიდესი სიყვარულით არის შექმნილი, მათში ჩადებული ძლიერი ემოცია კი დამთვალიერებლისთვისაც გადამდები ხდება. მთელი მისი შემოქმედება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს და რით უნდა სულდგმულობდე“.
მხატვარმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სახსოვრად თავისი საავტორო ფერწერული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაა გამოსახული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გალერეა „უნივერსში“ 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...