სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გაიარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძის უშუალო ჩართულობითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სასწავლო პრაქტიკა არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილზე გაიარეს.
სასწავლო პრაქტიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ინსტიტუტ „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე და ფაკულტეტის პროფესორები – თამაზ ხმელიძე, ბორის მაისურაძე, მარინა გრძელიშვილი და კონსტანტინე მჭედლიშვილი, სამშენებლო ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა.
როგორც აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე აღნიშნავს, სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ობიექტზე მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ერაგია და მისი მოადგილე ბესიკ დიასამიძე.
თამაზ შილაკაძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს როგორც ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობის სრული პროექტი, ასევე, იმ მონაკვეთის მუშა ნახაზები, რომელსაც სასწავლო პრაქტიკა მოიცავდა.
„სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებს და მშენებლობა-რეაბილიტაციის ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ხორციელდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო აღნიშნული პროექტების უშუალო შემსრულებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომლის წარმომადგენლებმაც სასწავლო პრაქტიკის მონაწილე სტუდენტებს მეგზურობა გაუწიეს. მათთან შეთანხმებით, ახალგაზრდები, საქართველოს სამხედრო გზის ფასანაური-მლეთის შუა მონაკვეთზე მშენებარე მრუდი მოხაზულობის ხიდის მეშვეობით, გადავიყვანეთ არაგვის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც იწყება 1,5 კმ სიგრძის საავტომობილო სამზოლიანი გვირაბი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდზე და გვირაბში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორებმა თამაზ ხმელიძემ და ბორის მაისურაძემ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები დააკვირდნენ გვირაბის პორტალთან ბეტონ-ტუმბოსა და ავტობეტონსაზიდის სამუშაოებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. მათ არაერთი შეკითხვა დასვეს გვირაბის გაყვანის, გამაგრების, მოპირკეთების, ექსპლუატაციის, ვენტილაციისა და ქანობის შესახებ, ასევე, ინტერესი გამოიწვია ხიდის საფეხმავლო ტროტუარების, არმატურისა და მოაჯირების დამონტაჟების პროცესმა. ვფიქრობთ, მსგავსი სასწავლო პრაქტიკები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის“, – აღნიშნავს თამაზ შილაკაძე.
სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არაგვის ხეობაში გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.
„ერთია, როდესაც აუდიტორიაში ვისმენთ ლექციებს მშენებლობის ამა თუ იმ საკითხზე, და სულ სხვა ეფექტია, როცა მიმდინარე მშენებლობას ადგილზე აკვირდები და პრაქტიკაში შეგიძლია შეისწავლო. ადრეც ვყოფილვარ არაგვის ხეობაში, მაგრამ აქ თუ ასეთი გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვერ წარმოვიდგენდი. აღფრთოვანებული ვართ მეც და ჩემი ჯგუფელებიც. მადლობა ჩემს ფაკულტეტს, პედაგოგებს და ჩემს უნივერსიტეტს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც დოქტორანტი მარი თებიძე აღნიშნავს, სასწავლო პრაქტიკამ მისი სამეცნიერო თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა: „აღფრთოვანებული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, სასწავლო პრაქტიკა ასეთ მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე გამევლო. ვფიქრობ, ამით ჩემი სამეცნიერო თვალთახედვა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უკვე დარწმუნებული ვარ, ნანახიდან ბევრი რამ სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისას გამომადგება“.
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ჩატარებულ სასწავლო პრაქტიკას პოზიტიურად აფასებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პრაქტიკების კომპონენტს საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სტუდენტთა პროფესიული მომზადების მიმართულებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო პრაქტიკების კომპონენტი წარმოადგენს განათლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მიგვაჩნია, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ მიიღონ თეორიული ცოდნა ინჟინერიაში, არამედ განივითარონ პროფესიული უნარები, ჩაერთონ მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში, გავიდნენ ობიექტებზე და ადგილზე, რეალურ დროში დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს. არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ჩატარებული სასწავლო პრაქტიკა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობა და სასწავლო პროცესისადმი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა ნამდვილად დასაფასებელია. სწორედ სამინისტროსთან თანამშრომლობით შევძელით სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. მასპინძლობისა და მეგზურობისთვის ასევე მადლობას ვუხდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ობიექტზე მომუშავე პროფესიონალებს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც სამშენებლო, ისე ყველა სხვა ფაკულტეტზე, რეგულარულად ხორციელდება სასწავლო პრაქტიკები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ფაკულტეტებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი, დოქტორი ლევან ფიფია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საკოორდინაციო საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი პრაქტიკული ინიციატივების განხორციელება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, უკეთ გაიაზრონ თავიანთი პროფესიული გზა, შეიძინონ აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა სამომავლოდ, დარგის პროფესიონალებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ“ – აცხადებს ზურაბ გვიშიანი.
სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკები სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...