სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ „ბიოსამედიცინო ინჟინერიამ“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა.
ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებისთვის. როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, მრავალმხრივი წარმატების მომტანი გახდება.
„სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის პირობებში ABET აკრედიტაციის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი წარმატებაა, რაც გარდამტეხი ფაქტორი იქნება სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო სტუდენტებს, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს და მთლიანად ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ABET აკრედიტაციის მოპოვებით ჩვენი კოლეგების, მთლიანად უნივერსიტეტის ძალისხმევა, ხანგრძლივი მუშაობა და შრომა ჯეროვნად დაფასდა. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ ABET-მა აკრედიტაცია მოიპოვა, რაც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი პროცესების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. ABET აკრედიტაციის მოპოვების რთულ გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მის წინამორბედს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთელ ღირსეულ კოლექტივს, ასევე, სახელმწიფო პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ მესვეურებს. მრავალწლიანი პარტნიორობისთვის მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პრეზიდენტს, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს და მის დეკანს, პროფესორ ჰალილ გიუვენს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროექტებს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ყოველმხრივ გვიწყობს ხელს STEM დარგებში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების ეფექტიანად შემუშავება-დანერგვაში. ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, რადგან ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი კიდევ ხუთ საბაკალავრო პროგრამას ამზადებს. ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა, მათი ხელმძღვანელებისა და ჩვენი აკადემიური პერსონალის ძალისხმევით, საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. ყველა ეს პროცესი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.
როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს) ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ABET აკრედიტაციის თანახმად, დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მომავალ კურსდმთავრებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც აღნიშნული პროგრამა 2021, 2022 და 2023 წლებში დაამთავრა.
სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამადაც აქტიურად გრძელდება. ირინე გოცირიძის ინფორმაციით, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად ერთდროულად მზადდება შემდეგი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები: სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“, ასევე, ამავე ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა.
ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...