სტუ-ის სტუდენტებმა ბილბაოს საერთაშორისო კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ – მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა, ნანა ბუკიამ და ნიკა მაღრაძემ, ხსნადობის წონასწორობაზე საერთო იონური მოქმედების თერმოდინამიკური მოდელირების შესახებ სტუ-ის პროფესორ ირინე ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევის შედეგები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) წარადგინეს.
კონფერენციაზე, რომელშიც 7 ქვეყნის 80-მდე უნივერსიტეტისა და აკადემიის 60-ზე მეტი სტუდენტი, 35 პროფესორი, 50-მდე ასოცირებული პროფესორი და დოქტორი მონაწილეობდა, წარდგენილი იყო მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესებასა და განახლებაზე ფოკუსირებული 105 კვლევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის ირინე ბერძენიშვილის განცხადებით, მაგისტრანტების მიერ წარდგენილი ნაშრომი, რომელიც განხორციელდა სასწავლო კურსის – „ტექნოლოგიური პროცესების ქიმიური თერმოდინამიკა“ – ფორმატში, საერთაშორისო კონფერენციამ მაღალი ხარისხის თანამედროვე კვლევად შეაფასა, ასევე, მუშაობის პროცესში შეიქმნა სადისკუსიო სივრცე, სადაც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად, ერთმანეთს იდეები და გეგმები გაუზიარეს.
„კვლევის თერმოდინამიკური მეთოდები ის თანამედროვე ტრენდია, რომელსაც დღეს მასობრივად მიმართავენ ქიმიური და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, პრეზენტაციაში ავსახეთ კონკრეტულ მაგალითზე საერთო იონური მოქმედების პრინციპი, როგორც მნიშვნელოვანი ფენომენი და ამავე დროს, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იონურ ნივთიერებათა ხსნადობაზე. თერმოდინამიკური ანალიზით დადგენილია, რომ წონასწორულ რეაქციულ სისტემაში საერთო იონის არსებობა აქტიურად ზემოქმედებს ხსნადობაზე და ინიცირებს მყარი ფაზის სელექციურ გამოყოფას. ამ მოვლენას რეგულარულად ვაწყდებით ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებში როგორიცაა: მარილის ექსტრაქცია ზღვის წყლიდან, მარილების გაწმენდა, ხარისხობრივი ანალიზი, წყლის დამუშავება, საპნის წარმოება, საკვები სოდის წარმოება, ბუფერების რეგულირება, ამასთან, ეს ეფექტი ხშირად გამოიყენება სასურსათო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. წარმოდგენილი პრინციპის უკეთ გააზრებითა და მიღებული შედეგების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მოძველებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება, მრავალი წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური საფუძვლების სრულყოფა და ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების რაციონალურად წარმართვა. სასიხარულოა, რომ კონფერენციამ ნაშრომი მაღალი ხარისხის კვლევად მიიჩნია, რაც ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. საწარმოო, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს, კვლევები ინჟინერს ეხმარება, ექსპერიმენტის გვერდის ავლით, მრავალი აქტუალური პრობლემა გადაჭრას და სწორი დიაგნოზი დასვას. ჩვენ გამოვიკვლიეთ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკაში, რომელიც ორიენტირებულია მიზნობრივი პროდუქტის გამოსავლის გაზრდაზე. საერთო იონის ეფექტის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ქიმიის დარგისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას საქართველოში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მივუახლოვოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, დეკანს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს და მთელ ჩვენს კოლექტივს“, – აცხადებს პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.
ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) – წარმატებით მონაწილეობისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...