„FAB School აკადემია“ – სტუ-ის ფაბლაბი ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი (FABLAB – ბიზნესინკუბატორი) ახალი ინიციატივით გამოდის და „FAB School აკადემიის“ პროექტს იწყებს. ეს არის თანამედროვე ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინჟინერიით, ტექნოლოგიებითა და შემოქმედებითი აღმოჩენებით.
„FAB School აკადემიის“ მთავარი მიზანია საინჟინრო დარგების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური აზროვნების განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნორჩი ინჟინრები თავიანთი იდეების პრაქტიკულ რეალიზაციას შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, თანამედროვე აპარატურასთან მუშაობას, გაიარონ პრაქტიკული ტრენინგები, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტებში და განივითარონ სამეწარმეო მიდგომები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, რომ „FAB School აკადემია“ არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ინოვაციური იდეები კონცეფციიდან რეალურ პროდუქტამდე განავითარონ. მისი თქმით, პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, ვისაც ინტერესი აქვს ინჟინერიის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და სტარტაპის მიმართულებით.
„FAB School აკადემიის“ პროექტი ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უმნიშვნელოვანესი როლი ამ ინიციატივის განხორციელებაში. სწორედ მისი სტრატეგიული ხედვითა და მრავალმხრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ყველაზე თანამედროვე მიდგომებს.
რექტორის აქტიური ჩართულობა სრულ თანხვედრაშია უნივერსიტეტის პრიორიტეტთან ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებას, ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. „FAB School აკადემია“ სწორედ ამ პოლიტიკის პრაქტიკული გამოხატულებაა: სივრცე, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა გაამდიდროს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, დაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიან ინჟინრად.
დარწმუნებული ვართ, ეს მხარდაჭერა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „FAB School აკადემიის“ ზრდასა და განვითარებაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიური მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაბლაბის გუნდს ახალი პროექტის დაწყებას ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ეს ინიციატივა ქვეყნის საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციურ განათლებას, ტექნოლოგიურ კვლევებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალის რეალურ ათვისებას. რექტორის თქმით, პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა ინჟინრების ხელშეწყობა, ტექნოლოგიური კომპეტენციების გაღრმავება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.
„ფაბლაბი საუნივერსიტეტო სივრცის განუყოფელი ნაწილია და მასში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინჟინერია და შემოქმედებითი კვლევა. „FAB School აკადემია“ კი, დამატებითი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის – მომავალი ინჟინრებისთვის ან მათთვის, ვისაც დარგი აინტერესებს. აქ ახალგაზრდები შეძლებენ არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი იდეების პროტოტიპირებას და სამეწარმეო აზროვნების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ „FAB School აკადემია“ გახდება ინოვაციური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც შექმნის საფუძველს ქვეყნის სამეწარმეო და ტექნოლოგიური მომავლისთვის. ვულოცავ ფაბლაბის გუნდს მორიგი ახალი და იმედი მაქვს წარმატებული პროექტის დაწყებას“, – აცხადებს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
„FAB School აკადემიის“ ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, ჰაკათონები, საგანმანათლებლო კურსები, ინდივიდუალური მენტორინგი და პრაქტიკული სამუშაოები რეალურ საინჟინრო გარემოში. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
„FAB School აკადემიაში“ მიიღებიან 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები. აკადემიის სასწავლო კურსი შედგება ოთხი ურთიერთდაკავშირებული მოდულისაგან: 1. რობოტოტექნიკა – 3D მოდელირება, მოწყობილობების პროექტირება და რობოტების შექმნა; 2. დრონები – მართვა, აწყობა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამირება; 3. სამეწარმეო ფსიქოლოგია – სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ემოციებთან მუშაობის უნარი და ენერგიის სწორად მიმართვა პროექტებში; 4. მათემატიკა – პრაქტიკული გამოთვლები, გეომეტრია და ალგორითმები, რომლებიც ავსებენ საინჟინრო ცოდნას.
„FAB School აკადემიის“ მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. ბავშვები იყენებენ თანამედროვე ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებს, მუშაობენ 3D პრინტერებით, ლაზერული დანადგარებითა და ელექტრონიკით. ყოველი გაკვეთილი არის ნაბიჯი იდეიდან რეალური მოწყობილობის შექმნამდე. აკადემიის ყველა მოსწავლეს დაუფინანსდება „FAB School აკადემიის“ ბანაკის საზაფხულო პროგრამა.
ჩანიშნე საინფორმაციო ვიზიტი „FAB School აკადემიაში“:
- სარეგისტრაციო ბმული.
- Fab School აკადემიის პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სოციალური ქსელის სხვადასხვა ბმულებზე.
- მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, I სასწავლო კორპუსი (მერაბ კოსტავას 68) FABLAB ტექნოლოგიების ცენტრი;
- ტელ: +995 599 38 33 32;
მსგავსი
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს ორ...
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

