იაპონელი მეცნიერის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK – the High Energy Accelerator Research Organization) და იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში (J-PARC – Japan Proton Accelerator Research Complex) მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ საჯარო ლექცია – „KEK-ისა და J-PARC-ის გაცნობა: ნაწილაკების ფიზიკისა და ამაჩქარებლის ტექნოლოგიების განვითარების მოწინავე მიმართულებები იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) გამართა.

საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორ სატოში მიჰარას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა. რექტორმა იაპონელ მეცნიერთან ერთად COMET კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერთა ჯგუფის მონაწილეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

საჯარო ლექციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს იაპონელი მეცნიერი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობას, რაც სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, პედაგოგებსა და მეცნიერებს უახლეს კვლევით მიღწევებთან წვდომის შესაძლებლობას უქმნის.

როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, იაპონიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრებში — KEK-ის ცუკუბა კამპუსსა და J-PARC-ში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს COMET ექსპერიმენტში, იაპონელ და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფებიც აქტიურად არიან ჩართულები. თამარ ლომინაძის თქმით, უნივერსიტეტის საინჟინრო და კვლევითი პოტენციალის აღიარება მრავალმხრივ უწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მის ინტეგრაციას და ახალ კვლევით კოლაბორაციებში მონაწილეობას.

ვიცე-რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესორ სატოში მიჰარას მრავალწლიანი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იაპონიის წამყვან კვლევით ცენტრებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის, ეფექტიანად ჩაერთონ თანამედროვე ფუნდამენტურ კვლევებში.

საჯარო ლექციის ფარგლებში COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ აუდიტორიას გააცნო იაპონიის ორი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – KEK-ისა და J-PARC-ის ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მათი განსაკუთრებული როლი თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების, კერძოდ კი ნაწილაკების ფიზიკის განვითარებაში.

მომხსენებელმა ისაუბრა მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების შექმნისა და განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ უნიკალურ კვლევით ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მეცნიერებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს საშუალებას აძლევს შეისწავლონ მატერიის ფუნდამენტური თვისებები, ელემენტარული ნაწილაკები და სამყაროს ფიზიკური კანონზომიერებები.

ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო COMET ექსპერიმენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიური კვლევითი პროექტია. პროფესორმა მიჰარამ აუდიტორიას გააცნო აღნიშნული ექსპერიმენტის სამეცნიერო მიზნები, მისი უნიკალურობა ახალი ფიზიკის ძიებათა თვალსაზრისით და ის უახლესი კვლევები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ექსპერიმენტის განხორციელების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობით მიიღწევა.

საჯარო ლექციის დასასრულს პროფესორმა სატოში მიჰარამ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და ახალგაზრდებს კვლევითი გამოცდილება გაუზიარა.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?