რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
თავის მიმართვაში რექტორი ყურადღებას აღნიშნული მოვლენის უდიდეს სამეცნიერო მნიშვნელობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ 25 წლის წინ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის ღია კოსმოსში გაშვებით, ქართული მეცნიერების ისტორიაში ახალ ეპოქას მიეცა დასაბამი.
„დღეს ქართული სამეცნიერო საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსში გასვლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 25 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველო და მსოფლიო საზოგადოება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა – ქართველთა მიერ ხელთქმნილმა პირველმა კოსმოსურმა საინჟინრო ნაგებობამ, დიდგაბარიტიანმა გასაშლელმა რეფლექტორმა წარმატებით გაიარა გამოცდა, გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. მას შემდეგ, ყოველ 23 ივლისს, ეს ღირსშესანიშნავი დღე აღინიშნება. ამ მოვლენით საქართველოს ისტორიაში დასაბამი მიეცა დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისს.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს, უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ ამ ლეგენდარული კოსმოსური ნაგებობის გენერალურ კონსტრუქტორს, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობდა კოსმოსური ობიექტის შექმნაზე და მთელ ქართულ საზოგადოებას!
გვეამაყება, რომ ეს დღე დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებისა და მეცნიერების მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპთან – სწორედ ჩვენმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი დიდგაბარიტიანი რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას; მეტიც, გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.
ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით კოსმოსური ობიექტის ავტორებმა საქართველოს დამსახურებულად დაუმკვიდრეს საპატიო ადგილი კოსმოსურ
ქვეყნებს შორის.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნისა და ღია კოსმოსში ნაოსნობის ფაქტი სხვამხრივაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან ამ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში საქართველოში საფუძველი ჩაეყარა კოსმოსური ნაგებობებისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას, მისი დაფუძნება კი შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩვენი სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივი, სისტემური და ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად.
საზოგადოების საყურადღებოდ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება კოსმონავტიკის ისტორიასა და სამეცნიერო გამოცემებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების საწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში; აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართული დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდის თარიღი კი, როგორც მოვლენა, შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში. ორმაგად საამაყოა, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან 25 წლის შემდეგაც, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) წევრი სახელმწიფოებისთვის, ჯერჯერობით, მიუღწეველია დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაყვანა და წარმატებული გაშლა.
25 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება.
აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, დღესაც წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას.
ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“.
სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად. ყველა ეს სამუშაო არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველ ინჟინერ-მეცნიერთა მიერ წარმატებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გარანტი იმისა, რომ კოსმოსის ათვისების მიმართულებით, საქართველო აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კიდევ ერთხელ ვულოცავთ აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს, ვულოცავთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის საინჟინრო-სამეცნიერო წრეებს, ვულოცავთ მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში გაშლისა და გამოცდის ამსახველი ფოტოკადრები გადაღებულია ფრანგი ასტრონავტის, ჟან-პიერ ენიერეს მიერ.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...