სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით და სამეცნიერო წარმატებებს, ახალი თაობების აღზრდისა და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში კვლავაც აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.

„ბატონო ელგუჯა,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელითგილოცავთ 80 წლის იუბილეს!

დღევანდელი დღე ჩვენთვის არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ სამეცნიერო, სამხედრო საინჟინრო და სახელმწიფოებრივი გზისთვის, რომელიც თქვენ განვლეთ და რომლის თითოეული ეტაპი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და თავდაცვის უნარიანობის განვითარების ისტორიასთან არის დაკავშირებული.

ქართველი მეცნიერისა და სამხედრო მოღვაწის, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გენერალ-მაიორისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიამაყით უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ საინჟინრო სკოლას, რომელსაც დღემდე ემსახურებით.

1999 წლის 23 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი გაშლისა დაგამოცდების დასრულების შემდეგ, 28 ივლისს, ობიექტის ორბიტაზე გადასვლამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მასშტაბი, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული პროფესიული სკოლა ფლობდა.

თქვენი მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი აღიარება, რომელიც სხვადასხვა წლებში დაიმსახურეთ. თქვენ ხართ უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; დაჯილდოებული ხართ ღირსების ორდენით საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნისა და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის; ხართ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედლის მფლობელი კოსმოსურ მექანიკაში მიღწევებისთვის, აგრეთვე მედლების – „შრომითი მამაცობისათვის“ და „საბრძოლო დამსახურებისათვის“, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის კავალერი. თქვენი დამსახურება აღნიშნულია ცხრა საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციის მედლითაც.

თქვენი ღვაწლის აღიარებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს – საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა. თქვენ ხართ მცხეთის, თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქე. ეს ტიტულები გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემას, რომელსაც საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ ავლენს, ვინც საკუთარი ცოდნა და სიცოცხლის საუკეთესო წლები ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელსაც, რომელიც თქვენ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის გადმოგეცათ.

ბატონო ელგუჯა,

თქვენმა საქმიანობამ გვაჩვენა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია შექმნას დიდი სამეცნიერო კონცეფცია, განახორციელოს რთული ტექნოლოგიური პროექტი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოების წევრია ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული კოსმოსური ტექნიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია თქვენი გამოცდილება, თქვენი მეცნიერული ხედვა და ის დამოკიდებულება, რომლითაც ყოველთვის ემსახურებოდით ახალგაზრდა თაობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებას.

ბატონო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოსა და ქართული მეცნიერების სამსახურში“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?