სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ


ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი ხათუნა საგინაშვილი სტუდენტებთან ერთად მეტეხის ხიდზე წმიდანების ხსენებისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრნენ, რომელსაც უძღვებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა თბილისის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.

პარაკლისს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება დაესწრო.

უწმინდესმა და უნეტარესმა შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა ასი ათასი მოწამე, ისევე როგორც სხვა წმინდა მოწამეები, ქრისტიანული ეკლესიის დიდება და მშვენებაა და ყველაზე ძლიერი ქადაგებაა მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე.

„წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა; რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა მოწამეები ქრისტესთვის სიცოცხლეს სწირავდნენ, რათა მისი სიკვდილზე გამარჯვების თანაზიარნი გამხდარიყვნენ. ამასთან, მან გაიხსენა წმინდა მამების სწავლება, რომლის მიხედვითაც მოწამეობა მიწაში ჩავარდნილ მარცვალს ჰგავს, რომელიც ქრისტიანობისთვის ნაყოფიერ თესლად იქცა.

„მათ შემდეგაც, შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას. ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი; მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამასოფლისგან მომდინარე სიძულვილისა და წარმართობის დამარცხება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას უწმინდესმა გაიხსენა ეკლესიის ისტორიული გზა და ის პერიოდები, როდესაც ქრისტიანული სარწმუნოება სხვადასხვა წინააღმდეგობისა და დევნის პირობებში არსებობას აგრძელებდა. მან ასევე ისაუბრა წმინდა კეთილმსახური და მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინე დიდის ეპოქასა და XX საუკუნეზე, როდესაც, მისი შეფასებით, ათეისტური ხელისუფლება ეკლესიასთან ბრძოლაში დამარცხდა.

„დღეს ჩვენ – მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც – ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, ეკლესია დგას და არსებობს! და ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე: „მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16, 18)“, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებს სწამთ, წმინდა მოწამეთა ლოცვით უფალმა შეიწყალა ქართველი ერი, მოუწოდა მას ეკლესიაში სულის გადასარჩენად და ცხონების გზაზე დასადგომად. მისი თქმით, თითოეული ადამიანის ვალია, ღირსეულად ატარებდეს წმინდანთა ხსენებას და მათი სულიერი მემკვიდრეობის გამგრძელებელი იყოს.

„ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების – წმინდანების – ხსენებისა, ვისაც დღეს ვადიდებთ; ვიყოთ მემკვიდრენი მათი უფლისადმი სიყვარულში, უფლის ერთგულებაში“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეს შეევედროს, რათა მათ ასწავლონ ქრისტეს ერთგულ მოწმეებად ყოფნა.

„დღეს ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ჩვენც შევძლოთ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიამ დაადასტურა, ქართველი ერის გადარჩენა სწორედ ქრისტიანული გზის ერთგულებამ განაპირობა. მისი თქმით, ამ გზის ერთგულება მომავალშიც ქვეყნის გაძლიერების, გადარჩენისა და გამთლიანების საწინდარი იქნება.

უწმინდესმა და უნეტარესმა კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე, შენდობა და შეწევნა შესთხოვა წმინდა მოწამეებს და ღვთისადმი ლოცვით მიმართა, რათა მათი მეოხებით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

„წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ

„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით,...

სტუდენტური აქტივობები

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?