სტუ-ის 9 სამეცნიერო პროექტი ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ შემუშავებული 9 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ფუნდამენტური კვლევებისთვის რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ წლევანდელ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა პროექტი – „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ – ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება – უმაღლესი 50 ქულიდან 46 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში სტუ-ის მკვლევართა გამარჯვება ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას, კვლევების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავებას. 

როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ კონკურსებში მოპოვებული ყოველი გამარჯვება ზრდის, როგორც მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობებს, ასევე, განაპირობებს სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიურ ჩართულობას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში ახალი სამეცნიერო იდეებისა და კონცეფციების გენერირება, ახალი მოვლენების, გარემოებებისა და საჭიროებების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის მაღალ დონეზე განვითარებას, მკვლევართა ახალი თაობის ფორმირებას, სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. ყოველივე ერთად ქმნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩვენს მეცნიერთა აქტიური ინტეგრირების საუკეთესო შესაძლებლობებს და ასევე, აჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროგრესს. მისასალმებელია, რომ ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის წლევანდელ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ცხრა პროექტმა გაიმარჯვა და მაღალი შეფასება მიიღო. ყურადღებას გავამახვილებ სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის საკონკურსო პროექტზე, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია მოპოვებული ყველაზე მაღალი ქულით. ნებისმიერი სამეცნიერო კონკურსი ავითარებს კონკურენტულ კვლევით გარემოს, აუმჯობესებს კვლევების ხარისხს და მაქსიმალურად აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც მთავარია, ხელს უწყობს კვლევითი კომპონენტის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს,   ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის კვლევის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ღვარ­ცოფული აუზების ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და ღვარცოფწარ­მოქმნის მექანიზმის კომპლექ­სური შესწავლა, კვლევის ახალი მიდგომების შემუშავება და მიღებული შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციაა. კვლევაზე სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ირმა ინაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ზაალ ცინაძე, კონსტანტინე ბზიავა და დოქტორანტი დემეტრე ჯანჯალაშვილი მუშაობდნენ. დეკანის თქმით, აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები არა მხოლოდ საფუძვლად დაედება ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების სარეგულაციო-დამცავი ღონისძიებების საპროექტო ნორმებსა და საინჟინრო ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას, არამედ სამომავლო კვლევებში დიდ დახმარებას გაუწევს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროტექნიკური მელიორაციის, საინჟინრო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, ღვარცოფმცოდნეობისა და ჰიდროგეოლოგია-ჰიდრავლიკის და სხვა მომიჯნავე დარგებში მომუშავე მეცნიერებსა და პრაქტიკოს ინჟინრებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვება, ასევე, მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა შემდეგმა პროექტებმა: „ძველი და ახალი ქვევრების ნედლეულისა და დამზადების ტექნოლოგიის კვლევა“ (44 ქულა); „პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისთვის“  (44 ქულა); „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში, დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“  (42 ქულა);  „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“  (39 ქულა); ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში“ (თსუ-სთან პარტნიორობით, 42 ქულა); „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“  (42 ქულა); „ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება“  (42 ქულა); „მაგნიტური ნანონაწილაკების შემცველი მულტიფუნქციური ბიოთავსებადი პოლიმერული ნანოკომპოზიტური ბოჭკოების ელექტროსპინინგით მიღება და კვლევა“  (41 ქულა).


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?