სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა მიულოცა.
„დღეს, დარგს 100 ენერგეტიკოსი შეემატა. მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის და ფაკულტეტის 100 კურსდამთავრებული, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მიღებულ ევროპული სტანდარტის განათლებას დარგის განვითარების საქმეში წარმატებულად გამოიყენებს.
ვულოცავ კურსდამთავრებულებს და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, მეცნიერს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მივულოცავ ძალიან კარგ სიახლეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. ეს არის რექტორის და აკადემიური პერსონალის ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგი, ეს არის თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის დამსახურება. კიდევ ერთხელ ვულოცავ უნივერსიტეტს და კურსდამთავრებულებს. წარმატებები მისურვებია“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა: ნათია არაბიძემ, გრიგოლ ხელიძემ, რამინ ჩიხლაძემ, ბადურ ჭუნაშვილმა, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ქუთათელაძემ.
კურსდამთავრებულებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა თელასის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ გამრეკელაშვილმა, რომელმაც მათ კომპანიაში სტაჟირება და შემდგომი დასაქმება შესთავაზა.
ინფორმაციისთვის: ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის. ამჟამად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი რვა დეპარტამენტს აერთიანებს: ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის, თბოენერგეტიკისა და ენერეგოეფექტურობის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების, ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის.
სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით.
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარების საქმეში: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ფუძემდებელი და ყოფილი პირველი პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე პროფესორი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ხალილოვი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ვახტანგ გომელაური და ვახტანგ ჭიჭინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ლუტიძე, ელექტრული მანქანების მთავარი კონსტრუქტორი ლოდოჩნიკოვი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის ტიმოფეევი და სხვა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...