სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი – „ჩვენი მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად“
„ფაკულტეტის მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად. ჩვენ ვახორციელებთ მრავალმხრივ კვლევით პროგრამებს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აკადემიურ, სამეცნიერო და ინდუსტრიულ პარტნიორებთან, ვავითარებთ ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, რათა სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღონ როგორც მაღალკვალიფიციური თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024/2025 სასწავლო წელს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს 19 პროექტი, მათ შორის:
- ფუნქციური პოლიმერმატარებლის მიღების ტექნოლოგია L-ლიზინის საფუძველზე;
- მაგნეტიტის ნანონაწილაკების ელექტროქიმიური სინთეზი რკინის სულფატის ელექტროლიტის ხსნარში ბიოთავსებადი სტაბილიზატორების გამოყენებით;
- ელექტროქიმიურად სინთეზირებული ნანონაწილაკების გამოყენება წამლის მიწოდებასა და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკაში;
- მეორადი მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა ვაშლის კონცენტრატის დამამზადებელ საწარმოში;
- არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების ტერიტორიის ნიადაგის სარეკულტივაციოდ ბიოგენური ელემენტების რეკუპერაცია ბუნებრივი სორბენტებით;
- ტექნოგენურად დაბინძურებული მჟავა კარიერული წყლების ქიმიური მეთოდით გაწმენდის შემდეგ ნარჩენი მძიმე მეტალების ფიტომიგრაცია;
- საკვები მცენარეული ზეთის ნარჩენების გადამუშავება საწარმოში;
- მდინარე ივრის აუზის წყლის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემად გამოყენებისთვის დამცავი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყაროებისა და კომპონენტთა იდენტიფიცირება და მათი შემცირების ტექნიკური ღონისძიებების შემუშავება;
- ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის ავტოტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურების შემცირების პრევენციული ღონისძიებების დამუშავება;
- მუყაოს ქაღალდის და მუყაოს პროდუქციის წარმოება მაკულატურიდან;
- პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია;
- ზღვის ნიჟარებში მინერალთა არსებობის ფორმებისა და შესაძლო ფაზური გარდაქმნების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა;
- კობალტის (II) და მანგანუმის (II) შერეულ-ლიგანდიანი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა და სხვა.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს 8 საგრანტო პროექტიდან სამი დასრულებულია, ხუთი კი – მიმდინარეობს. მათ შორის, დასრულდა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო ორი პროექტი „გამოყენებითი კვლევებისთვის“: „ცემენტის წარმოების ხერხი საკვამლე აირების (CO2, SOx, NOx ) გასასუფთავებლად, ატმოსფეროში ემისიამდე კლინოფთოლითიან სორბერში გატარებით, ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით გამოყენებლობის დადგენა, კონცეპციის დამტკიცება“ და „CO2 სორბენტები ბუნებრივ ცეოლითთა ბაზაზე, სინთეზის/გამოყენების/უტილიზაციის ტექნოლოგიური იდეის კონცეფციის ფორმულირება, გამოყენებითობის დადგენა და დამტკიცება ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით“; ასევე, რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პროექტი – „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“.
როგორც დეკანი ამბობს, რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ასევე მიმდინარეობს შემდეგი საგრანტო პროექტები:
- „ბიოთავსებადი მოდიფიკატორებით სტაბილიზირებული ნანო მაგნეტიტის მიღება ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით”;
- „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“;
- „მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტები B4C-TiC-SiC-BN-Al2O3-SiAlON-ნახშირბადის ბოჭკო სისტემაში საჯავშნე ფილების, ტურბინების დისკებისა და ფრთების მაღალტემპერატურული და ცვეთამედეგი კვანძებისათვის“ „კრიოგენული და თერმული დამუშავების კომბინირებული ზეგავლენა თუჯებში მაღალფუნქციური მულტიფაზური ბეინიტურ-მარტენსიტული სტრუქტურების ფორმირებაზე“;
- „მრავალფუნქციური შენადნობებისთვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით“.
გარდა ამისა, დეკანი აღნიშნავს, რომ 2024/2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, ფაკულტეტზე გარემონტდა გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორია და მასალათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.
„ზოგადად, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის სფეროები დიდწილად განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას. დღეს, როცა მეტალურგია გადადის დაბალემისიურ და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე, ჩვენი ამოცანაა, საფუძველი ჩავუყაროთ და განვავითაროთ ცოდნაზე დაფუძნებული წარმოება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესებისა და ინჟინერიის ინტეგრაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მდგრადი, ეფექტიანი და ეკომეგობრული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროცესში ასრულებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ლიდერის როლს. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელსაც ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა – გიორგი ნიკოლაძემ, რუსუდან ნიკოლაძემ, დიმიტრი ერისთავმა, ნიკოლოზ ლანდიამ, ვასილ კაკაბაძემ, რაფიელ აგლაძემ, კალისტრატე ქუთათელაძემ, გივი ცინცაძემ და დარგის სხვა ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი. წარმატებებს ვუსურვებ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერ-მკვლევრებს“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...