სტუ-ის რექტორი აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program – UCBP) ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალის, ორგანიზაციის – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ტიმოთი კ. ბლაუველთს და ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბასკარ დასს შეხვდა და მათთან ერთად UCBP-ის მესამე ფაზის ფარგლებში კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. 

შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ბზიშვილი და „ამერიკული საბჭოების“ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ კოორდინატორი ნათია სირდაძე. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობაზე ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარებაში. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკულ საბჭოებს“ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (University Capacity Building Program – UCBP) წარმატებით გრძელდება. 

შიდა-19.05.2025-სტუ- განვითარების პროგრამა-აშშ საელჩო-საბჭოები.png

დავით გურგენიძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ პირველი და მეორე ფაზის შედეგები მიმოიხილა. როგორც რექტორმა აღნიშნა, პირველ ფაზაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო კულტურის განვითარებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასთან ერთად, გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები უნივერსიტეტს, ინდუსტრიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის.

რექტორის თქმით, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდა უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინება, ამერიკის სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაძლიერება.

დავით გურგენიძის განცხადებით, მდგრადობის მიმართულებით გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

„მიგვაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოპერაცია გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მის პრეზიდენტს, ქალბატონ ადელა დე ლა ტორეს უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ. ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან. საგულისხმოა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-თან. იქ მიმდინარე DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მეტად მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს. ვიმედოვნებთ, პროგრამა UCBP-ის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობა დავამყარებთ იმ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ბმაში არიან ფერმის ლაბორატორიასთან, რაც მიზნობრივ თანამშრომლობის გააძლიერებს. მასში ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამის მესამე ფაზაზე კონკრეტული მიზნები ამოძრავებს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგები დავდოთ, რაც უნივერსიტეტს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, აქტიური და მდგრადი განვითარების საშუალებას მისცემს. წარმატებას ვუსურვებთ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ და მის მონაწილე მხარეებს“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროგრამის მესამე ფაზის სამუშაოებსა და არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზებზე, ასევე, მოსაზრებები შეაჯერეს UCBP-ის მესამე ფაზის ძირითად აქცენტებზე. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებმა, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც მათ აღნიშნეს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე ფაზა ისეთივე წარმატებით განხორციელდება, როგორც წინამორბედი ფაზები და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამერიკულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კოოპერაცია ხელშესახებ კომერციულ შედეგებს მოუტანს. 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე ფაზის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მხარეები განიხილავენ უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შემუშავებულ სამ სამეცნიერო პროექტს: „ახალი კორონავირუსის ბიოინფორმატიკული მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა“, „მხედველობის არეალის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული ანალიზი“ და „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა თაფლის ფუტკრის მოშენებაში“, რომლებიც ბუფალოს უნივერსიტეტის მედიკამენტებისა და ბიოთერაპიული აღმოჩენების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ბასკარ დასის მიერ იქნა შერჩეული. სამუშაო შეხვედრებზე სტუ-ის მკვლევრები, ამერიკელ მეცნიერთან ერთად, საგრანტო წინადადებების მომზადებაზე იმუშავებენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საგრანტო წინადადების მომზადების შემდგომ, აღნიშნულ პროექტებს ამერიკის შეერთებული შტატების ფონდებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციაში წარადგენს.

ცნობისათვის, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (University Capacity Building Program – UCBP), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ახორციელებს. 


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?