სტუ-ის რექტორი მზადყოფნას აცხადებს, ღია სატელევიზიო დებატებში საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიას შეხვდეს, პროფესორ-მასწავლებლები კი – რექტორ კონსტანტინე თოფურიას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში საუკუნეზე მეტია ქმნის ჩვენი ქვეყნის საფუძველს, რომლის ნათელი დადასტურება დღევანდელი დღეცაა – პირველად, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიით მიღებული 5 მმ დიამეტრის სტროუ მილები ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი ლენტისგან დამზადდება. ეს არის უდიდესი წარმატება და ამ ფონზე ჩვენი კანონიერი მოთხოვნის – დაუბრუნდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სააკაშვილის რეჟიმის დროს მითვისებული ქონება – საპასუხოდ მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა უნივერსიტეტზე, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
დავით გურგენიძემ, აკადემიურ საბჭოსთან ერთად, განიხილა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც გამოიხატა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მიერ სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებში.
„საჯაროდ და ოფიციალურად ვაცხადებ მზადყოფნას – ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, პირდაპირ ეთერში, დებატების ფორმატში, შევხვდე პროფესორ გიული ალასანიას, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელს. გიული ალასანიამ და მისმა ჯგუფმა, სახელმწიფო მანქანის საშუალებით, დაშინებითა და უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერებით, რა თქმა უნდა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, უკანონოდ მიითვისეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩვენი გამოკითხვის შემდეგ კი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საზოგადოებას და კომისიას ცრუ ინფორმაციას აწვდის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მტკივნეულ თემას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისება არის არა პოლიტიკური თემა, არამედ პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნათელი მაგალითი, რაც სათავეს 2004 წლიდან იღებს და შემხებლობაშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
დღეს, გიული ალასანია ამ დანაშაულის დაფარვას ცდილობს და აღნიშნული თემის, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტში მისი მოღვაწეობის პერიოდს არ ეხებოდეს, განხილვა უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს მიანდო, რომელმაც დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ იცის ელიტარული კორუფციისა და ძალადობის ფონზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისების დეტალები.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ – სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას მივიღებ, მხოლოდ გიული ალასანიასთან და არა კონსტანტინე თოფურიასთან, რომელიც, ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორია და არანაირი კავშირი არ ჰქონია იმ პროცესთან, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ. მხოლოდ გიული ალასანიამ იცის, როგორ მიითვისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და მხოლოდ მან უნდა გასცეს პასუხები შეკითხვებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
აკადემიური საბჭოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ დებატებში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, იმდენად, რამდენადაც ისინი ქონების ხელყოფის უშუალო მოწმეები არიან.
„ჩვენ ავუხსნით ბატონ კონსტანტინეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. სამწუხაროდ, მან, როგორც ჩანს, არ იცის დეტალები, თუმცა, უაპელაციოდ აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პოლიტიკური მოტივით დაიწყო მითვისებული ქონების დასაბრუნებლად ბრძოლა. უნივერსიტეტში ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია განვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია”, – განაცხადა პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა.
მსგავსი
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს ორ...
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...