სტუ-ის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრმა ლაშა მაისურაძემ ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ მკლავჭიდის 46-ე და პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და შედეგად, მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 58 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ, მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ახალგაზრდებში 60+ და უფროსებში 90 კგ წონით კატეგორიებში სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, სტუდენტ პარამკლავჭიდელს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.
როგორც რექტორი აცხადებს, ლაშა მაისურაძისა და საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების ტრიუმფი ალბენას მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული სპორტის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„ლაშა მაისურაძის მორიგი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის უკვე ოთხგზის მოპოვება მისი შრომისმოყვარეობის, უდიდესი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის შედეგია; ამავდროულად, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც შეუპოვრად ისწრაფვის მიზნისკენ, სამშობლოს სახელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ასპარეზობაზე გაიტანოს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი გასაოცარი უნარებით შემკული და მუდმივად განვითარებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. ლაშა მაისურაძე თავისი წარმატებით ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცოდნის მაძიებლობა და სპორტული ჟინი ადამიანში ერთ დიდ ძალად გაერთიანდეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ლაშას და მასთან ერთად საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებს ამ უდიდეს გამარჯვებას,” – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ მიმდინარე წლის ივნისში, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...