სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და თანამშრომელს კი სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ცნობილი მეცნიერი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიურ საბჭოზე რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და უცხოელმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ცნობილი მეცნიერ-ჰიდროლოგისა და გეოგრაფის  პროფესორ თენგიზ ცინცაძის ხსოვნას. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აუდიტორიას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ამერიკელ მკვლევრებს – დოქტორებს: ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორს, ფრენსის ედვარდ ნოელს და უილიამ ჰენრი ჰაითერს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული მოცულობითი სამუშაოსა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. რექტორმა ამერიკელ მეცნიერებს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი ჯილდოები გადასცა.

„გვამოძრავებს საუკეთესო სურვილები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების მანტიით შეიმოსნენ, საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში გახდებიან ერთგვარი დესპანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო წარმატებებს დამსახურებულად შეუწყობენ ხელს. დოქტორი ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორი ამერიკის კლემსონის უნივერსიტეტის ემერიტუსი და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, ასევე, ABET პროგრამის მიმართულებით წამყვანი ტრენერია. მას უდიდესი გამოცდილება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების შეფასების მიმართულებით. დოქტორი უილიამ ჰენრი ჰაითერი მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (UMASS) სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევარია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ტრანსპორტირების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება დოქტორ ფრენსის ედვარდ ნოელს, ის სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების აკადემიური ხარისხების მფლობელი და ABET აკრედიტაციის კომიტეტის წევრია, მრავალი წელი მუშაობდა IBM-ში, ასევე, მის სახელზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 34 გამოგონებაა დაპატენტებული.

მადლობას ვუხდით ამერიკელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რაც მოიცავდა ხანგრძლივ სწავლებას – ტრენინგებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს, მათ შორის ონლაინ ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები. ყველა ეს პროცესი ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. პროცესები აქტიურად არის დაძრული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი, ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ღვაწლმოსილ თანამშრომელს – ლევან მაცაბერიძეს უნივერსიტეტში 68-წლიანი მოღვაწეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობა უსურვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა – ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორმა, უილიამ ჰენრი ჰაითერმა და ფრენსის ედვარდ ნოელმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა უნივერსიტეტს, მის რექტორს, სტუდენტებსა და მკვლევრებს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მრავალმხრივი წარმატებები უსურვეს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?