სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ქვემოჭალის (ქართლი) მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური არტეფაქტების გადარჩენის სამუშაოები აწარმოვეს და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ.
ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. მათ შორის საყურადღებოა სამაროვნის რიგით N3 სამარხი, რომელშიც ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. ექსპედიციის მონაწილეებმა პირველი მიცვალებულის თავის ქალასთან ახ.წ. I-II საუკუნით დათარიღებულ ოქროს ორ საყურეს და რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დროინდელ მონეტას მიაკვლიეს.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი სამარხი შეისწავლეს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებულები და კარგად ეკიპირებული იყვნენ.
„ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო. გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. სამარხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს, მიიღეს უშუალო მონაწილეობა, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმენდასა და სამარხების პრეპარაციაში.
„არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცნობილი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და მკვლევარი, პროფესორი ვაჟა სადრაძე. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი ხელმძღვანელობით გაიარეს საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება ექსპედიცია, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა არაერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში „ალმანახი“ გამოქვეყნდება, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...