სტუ-ის სტუდენტებს კლინიკა „ახალ მზერაში“ თვალის დაავადებათა მკურნალობა და მხედველობის კორექცია გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ოფთალმოლოგიურ კლინიკა „ახალ მზერაში“ თვალის დაავადებათა მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და მხედველობის კორექცია გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ.
მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კლინიკა „ახალი მზერის“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გაამყარეს.
დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს თანამშრომლობის ეტაპობრივად გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი და შემეცნებითი პროექტებისა თუ ღონისძიებების განხორციელებას და კვალიფიციური კადრების მომზადებაში ურთიერთმხარდაჭერას.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ორმხრივი სასარგებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის კლინიკა „ახალი მზერის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა.
რექტორის განცხადებით, ოფთალმოლოგია, ისევე, როგორც მედიცინის სხვა მიმართულებები, უსწრაფესად ვითარდება, მასზე ზეგავლენას კი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესი და ინოვაციები ახდენს, რაშიც, მედიკოსებთან ერთად, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმიური ტექნოლოგიის, ინფორმატიკის თუ სხვა საინჟინრო დარგების სპეციალისტები და მეცნიერ-მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც სამედიცინო მიმართულების წამყვან დაწესებულებასთან მსგავსი ტიპის მემორანდუმს აფორმებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების და მეორე მხრივ, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ოფთალმოლოგის, პროფესორ მერაბ დვალის მიერ დაფუძნებულ კლინიკას შორის განსაკუთრებული კოლაბორაციის ჩამოყალიბებას, რაც უპირველეს ყოვლისა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და მომდევნო ეტაპზე პროფესორ-მასწავლებლებისთვის თვალის სხვადასხვა დაავადებების, მათთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევებისა და მხედველობის კორექციის გარკვეული შეღავათებით მიღებას უზრუნველყოფს.
ეს არ გახლავთ ბიზნესშეთანხმება – ეს უნივერსიტეტთან პარტნიორობის მხოლოდ დასაწყისია, რაც დარწმუნებული ვართ, ეტაპობრივად გაღრმავდება და გაფართოვდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, სადაც ექსკლუზიურად მოქმედებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამა საერთაშორისო ამერიკული ABET აკრედიტაციის მფლობელია და ამჟამად, ვმუშაობთ ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად.
საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის წარმატების მომტანია არა მხოლოდ სამეცნიერო ასპარეზზე, არამედ ღირსეულად დასაქმების მიმართულებითაც. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით მონაწილეობენ ბიოსამედიცინო ინჟინერიის მონიტორინგში და ასევე, თვითონ ქმნიან ახალ მოწყობილობა-დანადგარებს, რითაც ხელს უწყობენ სამედიცინო ინჟინერიის განვითარებას.
„ახალ მზერასთან“ მემორანდუმი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დასაბამი ახალი ურთიერთობისა საინჟინრო დარგებსა და მედიცინას, კონკრეტულ შემთხვევაში კი ოფთალმოლოგიას შორის. ურთიერთგაგების პრინციპზე დამყარებული ეს ახალი კოლაბორაცია დადებითად, ისევ და ისევ, სტუდენტების ჯანმრთელობასა და პროფესიულ განვითარებაზე აისახება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი ამბობს, „ახალი მზერა“ იღებს ვალდებულებას, იზრუნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხედველობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩაუტაროს სათანადო კვლევები და შესთავაზოს მხედველობის კორექციის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის – ექსიმერ ლაზერული კორექცია, კლინიკის მაღალპროფესიონალი ოფთალმოლოგების ჩართულობითა და უახლესი აპარატურის გამოყენებით.
მერაბ დვალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ინიციატივის მხარდაჭერისა და ნდობის გამოხატვისთვის.
მერაბ დვალის თქმით, კლინიკა „ახალი მზერისთვის“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მრავალმხრივ არის მიმზიდველი, განსაკუთრებით კი დიდია დაინტერესება საინჟინრო დარგის სპეციალისტების, კერძოდ კი მაღალკვალიფიციური ბიოსამედიცინო ინჟინრების ოფთალმოლოგიურ კლინიკაში მოზიდვით, რომლებიც მზად იქნებიან, თავიანთი ცოდნა-გამოცდილება მედიკოსებს გაუზიარონ.
მემორანდუმის ხელმოწერას უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ოფთალმოლოგიური კლინიკა „ახალი მზერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...