სტუ-ში ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური პროექტის – „ინოვაციური იდეების კონკურსი“ – ჩატარება დაანონსდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) მრავალწლიანი პარტნიორობის ფორმატში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – ჩატარება სპეციალურად მოწვეულ საორგანიზაციო შეხვედრაზე ოფიციალურად დაანონსდა.
საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები. შეხვედრაში მოწვეული ექსპერტების სტატუსით ჩართულნი იყვნენ პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ – კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის პარტნიორობის განვითარების მენეჯერი ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით – ემა ბონფილიო.
როგორც საორგანიზაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის ახალი სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება, ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერაა, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციური იდეების საუნივერსიტეტო კონკურსის განხორციელება, რაც მოიცავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკულად აღსრულების ხელშეწყობას, რამდენიმე ეტაპად წარიმართება.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის კონკურსები საუნივერსიტეტო სივრცის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ინოვაციური იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნეს და ეკონომიკურ პროცესებში, გააღრმავებს თანამშრომლობას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის, ხოლო ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის ამით იქმნება ერთგვარი საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ პროფესიულ, სამეწარმეო და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიებთან ეფექტიან კოლაბორაციას. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოყალიბდეს სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად. ინოვაციური იდეების კონკურსი სამ ძირითად კატეგორიაში ჩატარდება. ესენია: „ციფრული ტექნოლოგიები“; „სოციალური გავლენა“; „შემოქმედებითობა“; გარდა ამისა, ცალკე კატოგორიად განვიხილავთ „ფენტეზის“. საგულისხმოა, რომ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრაქტიკაში შესრულება მოხდება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით. გამარჯვებული ახალგაზრდები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას, რომელთა წარდგენაც ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ავტორების მიერ პრეზენტაციის სახით მოხდება. კონკურსში ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. გუნდის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსანტები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დამუშავებულ პროექტებს წარადგენენ და გაიმარჯვებენ კონკურში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. გვინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჩვენს კურსდამთავრებულებს – 18-დან 35 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოადგინონ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და ამასთან ერთად, სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
საორგანიზაციო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარების, რეგისტრაციის ვადების, საკონკურსო პირობებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი და საუნივერსიტეტო ცენტრი – „ერთად“.
კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ღონისძიების აკადემიურ მხარდაჭერას სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა ახორციელებს, ხოლო კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს კონსულტაციებს ბრიტანელი ექსპერტები გაუწევენ.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...