სტუ-ში CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „True Measurements… False Discoveries“ („უტყუარი გაზომვები… ცრუ აღმოჩენები“) წარსდგა.
CERN-ის მეცნიერის საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, რექტორის მრჩეველი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თამნამშრომლები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი განცხადებით, ტიციანო კამპორეზი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, არამედ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ცნობილ ქართველ, ევროპელ, აზიელ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრია. თამარ ლომინაძის თქმით: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა CERN-LHC ჯგუფი და ახალგაზრდა მკვლევრები, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, არაერთი წელია ეფექტურად მუშაობენ CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში“.
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, საჯარო ლექცია, რომელშიც მაღალი ენერგიის ფიზიკისა და CERN/CMS ექსპერიმენტის მიმართულებით, თავმოყრილია პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის მეცნიერთა მრავალწლიანი გამოცდილება თუ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დაკვირვებები, მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
ტიციანო კამპორეზის განცხადებით, მაღალი ენერგიის ფიზიკის (HEP) მეცნიერთა მიერ შემუშავებულია სტრატეგია ახალი ფენომენის აღმოჩენისა და მისი გასაჯაროების კრიტერიუმების შესახებ.
„თუ გადავხედავთ HEP-ის ისტორიას, დავინახავთ, როგორია შეცდომების დაშვების ალბათობა და როგორია მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები. სამყაროსა და მისი ქცევების გაგება მუდმივად მოითხოვს გაუმჯობესებული, გაცილებით სრულყოფილი ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების შექმნას, რომლებსაც უდიდესი ფუნქცია ეკისრებათ კოლაიდერებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში. თანამედროვე კვლევებში გამოყენებული ინსტრუმენტების სირთულე, მათი ზედმიწევნით დახვეწილობა, გაზომვების უდიდესი სიზუსტე მოითხოვს უაღრესად მკაცრ და ზუსტ მიდგომებს, რათა სამეცნიერო კვლევების შედეგებმა მოლოდინი მაქსიმალურად გაამართლოს. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, რომლებიც CERN-ის კოლაბორაციების წევრები ვართ, შევიმუშავეთ ერთგვარი სიღმისეული მიდგომა – სტრატეგია ახალი ფენომენების აღმოჩენასთან დაკავშირებით. შევეცდები, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც ვიყენებთ „აღმოჩენის“ მანიფესტირებისთვის, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან წარსულის შეცდომები. ჩემი საჯარო ლექცია სწორედ აღნიშნულის გაზიარების მცდელობაა“, – აღნიშნა ტიციანო კამპორეზიმ.
საჯარო ლექციაზე CERN-ის მეცნიერმა სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელებს გაუზიარა მაგალითები HEP-ის ისტორიიდან, ესაუბრა მნიშვნელოვანი აღმოჩენების, მონაცემების ალბათობის, „5 სიგმის“ კრიტერიუმისა და მისი თანამედროვე გამოყენების, სისტემური შეცდომების, გარკვეული მოდელების არაადეკვატურობის, მეცნიერებაში ქვეცნობიერი „მოლოდინის“, თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკვეთის, ჯერ კიდევ უპასუხოდ დარჩენილი გლობალური შეკითხვებისა და მომავალი სამეცნიერო გეგმების შესახებ.
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...