სტუ-ში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ავალიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, დიპლომატის, იურისტისა და ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი გამოცემის – „ზურაბ ავალიშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი“ – ავტორი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძეა.
ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას – სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და მიწვეულ სტუმრებს – წიგნი და მისი ავტორი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა.

დეკანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხისა და ქვეყნის წინაშე ზურაბ ავალიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი არ დარჩენილა ცნობილ მკვლევართა, მათ შორის პროფესორების – გურამ მამულიასა და გურამ შარაძის მხედველობის მიღმა, მისი ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების ძირითადი მომენტები დღემდე არ ყოფილა მონოგრაფიული კვლევის საგანი. მისი თქმით, პროფესორ გივი ლობჟანიძის ნაშრომი ამ დანაკლისის შევსების წარმატებული მცდელობაა და ის ჯეროვან სამსახურს გაუწევს იურისტებს, პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას. როგორც ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, წიგნის რედაქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველია, რეცენზენტები კი აკადემიკოსი ომარ გოგიაშვილი და პროფესორები – ვაჟა გურგენიძე და დავით ლობჟანიძე არიან.
„ავტორმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ საარქივო მასალებისა და ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ამომწურავად წარმოგვიდგინა დიდი ქართველის – ზურაბ ავალიშვილის ბიოგრაფია და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები, ცოცხლად აგვიწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და დემოკრატიული საქართველოს სამართლებრივი შეფასების ფონზე წარმოაჩინა ავალიშვილისეული პოლიტიკური და სამართლებრივი ხედვა და პრიორიტეტები.
აღსანიშნავია, რომ გივი ლობჟანიძე მიზანმიმართულად იკვლევს ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოღვაწეობას. მეტად საინტერესოა მისი ნაშრომები დიდი ილიას, ნიკო ნიკოლაძისა თუ არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებისა და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეხედულებათა შესახებ. დარწმუნებული ვართ, ახალ გამოცემას დაინტერესებული მკითხველი, სპეციალისტები და ახალგაზრდა თაობა სათანადოდ შეაფასებს და წარმატებით გამოიყენებს შემდგომი კვლევებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.

საზოგადოებას მიესალმა და ახალი სამეცნიერო ნაშრომისთვის ავტორს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ დიდ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისა და პროფესიონალებად ფორმირების მხრივ.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, გივი ლობჟანიძის სამეცნიერო კვლევა, რომელიც მონოგრაფიის სახით პირველად გამოქვეყნდა, გამოირჩევა თხრობის სისადავით და მკითხველს ძალდაუტანებლად აცნობს გამორჩეული ქართველის, ზურაბ ავალიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ემიგრაციაში მისი ყოფნის პერიოდს, სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ევროპიდან დაუღალავ ზრუნვას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმისადმი ერთგულებას, მის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ხედვებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, წიგნი დიდი ინტერესით იკითხება, რაც უდავოდ, მის ღირებულებას ზრდის.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...