სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი, 500 სტუდეტზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ახალი კომპლექსი, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 000 კვ/მ ფართობზე აშენდება.
კომისიის სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა: ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და 13 ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლებმა. სხდომას, ასევე, ესწრებოდა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე.
როგორც კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. მისი განცხადებით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების განსახილველად, კომისია რეგულარულად შეიკრიბება.
სხდომაზე დეტალურად განიხილეს 500 სტუდეტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის კონცეფცია და კომპლექსისთვის განკუთვნილი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა. სტუდენტთა წარმომადგენლებმა ყურადღება საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სტუდენტების საჭიროებებსა თუ მოთხოვნებთან სრულად იქნება ადაპტირებული და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები, მოეწყობა სოციალური და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები, სპორტული მოედანი, ონლაინ ბიბლიოთეკა, გარე სარეკრეაციო სივრცეები, საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერული ცენტრი და სხვა. საერთო საცხოვრებლის შენობა და 2 სტუდენტზე გათვლილი თითოეული ოთახი ასევე აღჭურვება იმ აუცილებელი თუ დამხმარე ინფრასტრუქტურით – სამრეცხაო, სამზარეულო ბოქსი, მოსასვენებელი და მეცადინეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, აივანი – რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
სხდომის დასასრულს, კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ სტუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისია იზრუნებს შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიურ საბჭოსა და სენატს განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადასცემს, გადაწყვეტილებებს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...