DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში
„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც ხელმძღვანელობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პროექტის – DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ მიმართულებას, ეს არის არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართულობის კიდევ ერთი დასტური. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესორმა პეტიმ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გააცნო მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის ფუნდამენტური საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტასაც DUNE ექსპერიმენტის ფარგლებში კოორდინაციას უწევს აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორია Fermilab-ი, კოლაბორაციაში კი მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრები არიან ჩართულნი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ DUNE-ის მსგავს საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს როგორც სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და თავისი სამეცნიერო პოტენციალით შეაქვს წვლილი გლობალური მნიშვნელობის კვლევებში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რობერტო პეტის საჯარო ლექციის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის – „ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის“ (DUNE – Deep Underground Neutrino Experiment) – ერთ-ერთმა ლიდერმა, STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მენეჯერმა, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტო პეტიმ საჯარო ლექცია – „(ანტი)ნეიტრინოების ფუნდამენტური ურთიერთქმედებების კვლევა“ – გამართა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა რობერტო პეტიმ ისაუბრა მაღალი ენერგიების ფიზიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე – ნეიტრინოებისა და ანტინეიტრინოების ფუნდამენტური თვისებების კვლევაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და იმ საერთაშორისო ექსპერიმენტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მატერიის სტრუქტურისა და სამყაროს წარმოშობის ფუნდამენტურ კანონზომიერებათა უკეთ გააზრებას.
პროფესორმა პეტიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნეიტრინოების ფიზიკის მნიშვნელობასა და იმ როლზე, რომელსაც თანამედროვე გიგანტური სამეცნიერო ინფრასტრუქტურები, მათ შორის Fermilab-ში მიმდინარე DUNE ექსპერიმენტი, მეცნიერების განვითარების მხრივ ასრულებს. მისი განმარტებით, ნეიტრინოები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ელემენტარული ნაწილაკებია, რომელთა დამზერა და კვლევა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეისწავლონ სამყაროს ევოლუცია, მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის წარმოშობა და ფიზიკის სტანდარტული მოდელის ფარგლებს მიღმა არსებული მოვლენები.
საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა ისაუბრა იმ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებზე, რომლებიც თანამედროვე დეტექტორული სისტემების განვითარებას უკავშირდება. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მნიშვნელობას, რომლის განვითარებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს.
რობერტო პეტიმ აღნიშნა, რომ DUNE-ის მსგავსი საერთაშორისო პროექტების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროექტში მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტმა თავისი სამეცნიერო და საინჟინრო რესურსით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მასშტაბურ საერთაშორისო კვლევებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი საერთაშორისო DUNE კოლაბორაციაში ჩართულია STT მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს SAND-ის (System for on-Axis Neutrino Detection) ახლო დეტექტორის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. სტუ-ში მიმდინარეობს სტროუ მილების წარმოების, ტესტირების, ხარისხის კონტროლისა და სუპერმოდულების აწყობის სამუშაოები.
საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორმა რობერტო პეტიმ აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებს შეაქვთ თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი შეფასებით, სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის გამოცდილება და საინჟინრო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი რესურსია DUNE ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებისთვის.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერისთვის დაესვათ კითხვები ნეიტრინოების ფიზიკის, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების, თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ინფორმაციისთვის: ცნობილი ფიზიკოსი რობერტო პეტი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი, DUNE-ის ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერი და STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მენეჯერია. ის მონაწილეობს მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო კვლევებში და ხელმძღვანელობს იმ მიმართულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალი თაობის დეტექტორული სისტემების განვითარებასთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პროფესორ რობერტო პეტის შორის თანამშრომლობა ეფუძნება მრავალწლიან სამეცნიერო ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო კვლევით პროგრამებში.
DUNE კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ქართული სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო აღიარების დადასტურებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართულ სამეცნიერო სკოლას გააჩნია თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში. პროფესორ პეტის მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ეფუძნება ქართველ მეცნიერებთან ერთობლივ კვლევებსა და საინჟინრო პროექტებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან პროფესორ რობეტრო პეტის შეხვედრისას მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა DUNE კოლაბორაციის ფარგლებში, გააფართოონ სამეცნიერო თანამშრომლობა და განავითარონ ახალი შესაძლებლობები მაღალი ენერგიების ფიზიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, DUNE (Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციაში გამორჩეული ლიდერული როლისა და აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისადმი განსაკუთრებული ერთგულებისთვის, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს – რობერტო პეტის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს და ამასთან ერთად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

