სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის – აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab) კოორდინაციით მიმდინარე „ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის“ (DUNE – Deep Underground Neutrino Experiment) – ერთ-ერთ ლიდერს, STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მენეჯერს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტო პეტის (Roberto Petti) შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ საერთაშორისო DUNE კოლაბორაციის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, STT ტრეკული სუბდეტექტორისთვის განკუთვნილი სტროუ მილების წარმოების პროცესი, მათი ტესტირების შედეგები და სუპერმოდულების აწყობის მიმდინარეობა; ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე Fermilab-თან, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან და DUNE კოლაბორაციის წევრ წამყვან კვლევით ცენტრებთან.
როგორც შეხვედრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ექსპერიმენტში. DUNE-ი არის ექსპერიმენტი, რომელიც აერთიანებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკას, თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებას. ამ პროექტში ჩვენი უნივერსიტეტის მონაწილეობა ქართველი მეცნიერების პროფესიონალიზმისა და ქართული სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოიყენება გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან, განავითაროს ახალი ტექნოლოგიური მიმართულებები და შექმნას მეტი შესაძლებლობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მათ აძლევს უნიკალურ გამოცდილებას და საშუალებას, თავიანთი ცოდნა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრესს მოახმარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეფექტიანად იყოს ჩართული იმ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში, სადაც მომავლის ტექნოლოგიები იქმნება. ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტების წარმატებას, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
აღსანიშნავია, რომ პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. დღეს უნივერსიტეტი DUNE კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში მონაწილეობს არა მხოლოდ როგორც კვლევითი პარტნიორი, არამედ როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტების შემქმნელი ცენტრი, სადაც თანამედროვე დეტექტორული სისტემებისთვის აუცილებელი საინჟინრო სამუშაოები ხორციელდება.
DUNE-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ექსპერიმენტია ნეიტრინოების ფიზიკის მიმართულებით. პროექტში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ. მისი მიზანია ნეიტრინოების თვისებების სიღრმისეული შესწავლა, მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის მიზეზების კვლევა და სამყაროს ფუნდამენტური კანონების შესახებ ახალი ცოდნის მიღება.
ექსპერიმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია SAND (System for on-Axis Neutrino Detection) დეტექტორული სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილია STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორი. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი. STT სისტემის დანიშნულებაა ნეიტრინოების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი დამუხტული ნაწილაკების ტრაექტორიების მაღალი სიზუსტით აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტის სამეცნიერო შედეგების სანდოობისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა DUNE ექსპერიმენტში ეფუძნება უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა მრავალწლიან გამოცდილებას მაღალი ენერგიების ფიზიკისა და დეტექტორული ტექნოლოგიების სფეროში. ქართველმა მკვლევრებმა წლების განმავლობაში იმუშავეს საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მათ შორისაა COMET ექსპერიმენტი, სადაც მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ახალი თაობის სტროუ ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
DUNE-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართულება – სტროუ მილების წარმოების პროცესის განვითარება, მათი ხარისხის კონტროლი, ტესტირება და სუპერმოდულების აწყობა. ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს როგორც კვლევით, ისე საწარმოო შესაძლებლობებს.
სტროუ მილების წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ სიზუსტეს, რადგან აღნიშნული დეტექტორული ელემენტები უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს და დანერგეს შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპონენტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
უნივერსიტეტში განვითარებული მიმართულება მოიცავს არა მხოლოდ სტროუ მილების დამზადებას, არამედ მათ სრულყოფილ ტესტირებასა და დეტექტორულ სისტემებში ინტეგრაციისთვის მომზადებას. სწორედ ამ შესაძლებლობების განვითარებამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი მაღალი ნდობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა DUNE ექსპერიმენტში სტუ-ის სამეცნიერო პოტენციალის, ინოვაციური შესაძლებლობებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა უმაღლესმა საინჟინრო სკოლამ თავისი რესურსითა და გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სამეცნიერო პროგრესში.
მსგავსი
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...
სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...
სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...
სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...