სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, 25-31 მარტს, სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასცნობოდნენ ევროპული ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროსაბჭოში, ევროპარლამენტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შეხვედრებისას მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესისა და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შეხვედრა სტრასბურგის მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნიკოლოზ ფიფიას განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სტუდენტებისთვის: „მსგავსი ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის- თეორიული ცოდნა აუცილებელია, თუმცა პრაქტიკასთან უშუალო შეხება სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიულ განვითარებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობას. “
შეხვედრები ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. სტუდენტების შეფასებით, ვიზიტი ინფორმაციულთან ერთად პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან მოტივაციადაც იქცა.
„სტრასბურგში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მომეცა უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დამენახა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირება და მათი გავლენა საზოგადოებაზე. უკეთ გავიაზრე საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა და გამეზარდა მოტივაცია პროფესიული განვითარების მიმართ “, – ნინო ჭარხალაშვილი, პირველი კურსის სტუდენტი.
სტრასბურგში ვიზიტი სამომავლო აკადემიური და კარიერული მიზნების ჩამოყალიბებაში დაეხმარა უკვე სტუ-ის კურსდამთავრებულ არჩილ მაისურაძესაც:“სტრასბურგში სასწავლო ვიზიტი არა მხოლოდ შემეცნებითი მოგზაურობა, არამედ უმნიშვნელოვანესი პროფესიული ტრანსფორმაციის ეტაპი აღმოჩნდა . ამ პროცესმა ნათლად დამანახა საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსლირების სასიცოცხლო მნიშვნელობა. შესაძლებლობა მომეცა, საკუთარი თვალით მეხილა ევროპული სტანდარტების შექმნის ცოცხალი პროცესი და ის რთული ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს უდევს საფუძვლად. ვიზიტის განსაკუთრებული კულმინაცია კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტუმრობა და უშუალოდ ბატონ ლადო ჭანტურიასთან შეხვედრა იყო.”
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც სთავაზობს. უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო ვიზიტებს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიულად განვითარდნენ და საკუთარი ცოდნა გლობალურ სივრცეში გააღრმაონ.
მსგავსი
სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...



